აკადემიური მხარდაჭერის პროგრამამ 2008-2009 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შემაჯამებელი შეხვედრა მოაწყო

27.01.2010

 

 

2008 წლის 27 დეკემბერს ღია საზოგადოების ინსტიტუტის აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის 2008-2009 წლის მონაწილეთა პირველი შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრაზე განხილული იქნა აკადემიური მხარდაჭერის პროგრამაში ჩართული ქართველი ლექტორების მიერ 2008-2009 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ჩატარებული სამუშაო და მომავალი წლისათვის დაგეგმილი საქმიანობა.  შეხვედრა აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა მენეჯერმა მაგდა მაღრაძემ გახსნა და გააკეთა პრეზენტაცია იმ პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ, რასაც პროგრამა სთავაზობს მეცნიერებს, ლექტორებსა და უნივერსიტეტებს სამხრეთ კავკასიაში.   შეხვედრის შემდეგ მოეწყო საშობაო მიღება, სადაც საქართველოს აკადემიური წრეებიდან მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის მიღწევებს სამხრეთ კავკასიაში. 

აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა 2004 წლიდან ფუნქციონირებს და მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში უნივერსიტეტების დახმარებას, რათა მათ მსოფლიო დონის აკადემიურ სტატუსს მიაღწიონ და რეგიონში ინოვაციისა და წარმატებული რეფორმის მაგალითებად ჩამოყალიბდნენ.  ამ მიზნის მისაღწევად პროგრამა ყოველწიურად აცხადებს კონკურსს და სთავაზობს სტიპენდიებს უცხოელ და ადგილობრივ მეცნიერებს, რომლებიც ითანამშრომლებენ და ასწავლიან რეგიონში წინასწარ შერჩეულ პარტნიორ უნივერსიტეტებში. 

2008-2009 სასწავლო წლისათვის აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში 12 პარტნიორ დეპარტამენტთან თანამშრომლობს.  დღეისათვის პროგრამაში ჩართულია 13 უცხოელი პროფესორი, რომელიც კონსულტაციებს უწევს და ხელს უწყობს ზემოაღნიშნული პარტიორი დეპარტამენტების განვითარებას და 53 უცხოეთში განათლებამიღებული ადგილობრივი ლექტორი და პროფესორი, რომელიც ლექციებს კითხულობს პარტნიორ უნივერსიტეტებში.

 

მაგდა მაღრაძე
აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის სამხრეთ კავკასიის რეგიონული მენეჯერი