28 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და რელიგიურმა გაერთიანებებმა გაავრცელეს განცხადება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.
40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და რელიგიური გაერთიანება კანონპროექტის არსებულ ვერსიასთან დაკავშირებით კრიტიკას გამოთქვამს და მოითხოვს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მექანიზმების გათვალისწინებას. მათი შეფასებით, არსებული ვერსიით კანონის მიღება სახალხო დამცველის კომპეტენციებს მხოლოდ უმნიშვნელოდ აფართოებს და ის არსებითად არ შეცვლის დღეს არსებულ საკანონმდებლო რეალობას და არ გახდება დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმი. ორგანიზაციების განსაკუთრებული უკმაყოფილებას გამოხატავენ კანონიდან დისკრიმინაციის ჩამდენი ფიზიკური პირის/საჯარო დაწესებულების მიმართ ჯარიმის გამოყენების მექანიზმის ამოღების ფაქტთან დაკავშირებით. დაჯარიმების მექანიზმის არსებობა ორგანიზაციებს პრინციპულ აუცილებლობად მიაჩნიათ, რომლის გარეშეც აღნიშნული კანონის მიღება რეალურ მნიშვნელობას იქნება მოკლებული.
ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას მიიღოს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტური მექანიზმი და გაითვალისწინოს ის შენიშვნები და მოსაზრებები, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ძირითად აქტორებს და ინსტიტუტს, მათ შორის, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რელიგიურ გაერთიანებებს, თემურ ორგანიზაციებს გააჩნია.
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენა პარლამენტში სამშაბათს, 29 აპრილსაა დაგეგმილი.
ორგანიზაციებმა პარლამენტს განცხადებით 16 აპრილსაც მიმართეს.
ნახეთ განცხადება სრულად.