არასათავრობო ორგანიზაციები თბილისის მერიას თბილისის ურბანული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე თანამშრომლობისაკენ მოუწოდებენ

21.03.2011

16 მარტს, სასტუმრო “თბილისი-მარიოტში” ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” და პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მრგვალი მაგიდა გამართეს თემაზე: “თბილისის ურბანული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე თანამშრომლობა”.

შეხვედრაზე განხილულ იქნა  ქ.თბილისის ურბანული მემკვიდრეობის საკითხები და ამ საკითხებთან დაკავშირებული მერიასთან თანამშრომლობის პერსპექტივები.

ქ. თბილისის მერიის გადაწყვეტილების  მიღების  პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა არასამთავრობოთა იმ ერთ-ერთი მოთხოვნათაგანია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას მერიის მიმართ გააჩნია. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ურბანული მემკვიდრეობის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას შორის კომუნიკაციაში არსებული  ხარვეზების წარმოჩენასა და მათი გადაჭრის მცდელობაზეც.

“სურვილი გვაქვს, ამ შეხვედრაზე განვიხილოთ და შევაჯეროთ არასამთავრობო სექტორის და დაინტერესებული საზოგადოების პოზიცია და კონკრეტული წინადადებებითა თუ რეკომენდაციებით მივმართოთ ქალაქის მერიას შეძლებისდაგვარად გაითვალისწინოს  ჩვენი მოსაზრებები.”- ამბობს თინიკო ბოლქვაძე, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” წარმომადგენელი.

შეხვედრის მომდევნო ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაციები მერიას კონკრეტულ რეკომენდაციებსა და წინადადებებს წარუდგენენ.

ღონისძიებას დაესწრნენ ქ.თბილისი საკრებულოს წევრები,  ინიციატივის მხარდამჭერი და თბილისის ურბანული განვითარების თემით დაინტერესებული სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და შესაბამისი სფეროს ექსპერტები (ურბანისტები, არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები).

ინიციატივის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) საქართველოს ეროვნული კომიტეტი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”, ორგანიზაცია “ტფილისის ჰამქარი”, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი,  ჟურნალი “ლიბერალი” და შესაბამისი სფეროს ექსპერტები.

მოისმინეთ, წაკითხეთ და ნახეთ, თუ როგორ აშუქებს მედია ღონისძიებას.

იხ. ფოტო გალერეა.