2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღსანიშნავად ლგბტ პირების უფლებადაცველმა ორგანიზაცია ,,იდენტობამ” მოაწყო ლგბტ პირების აქცია/მსვლელობა.
რუსთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობის მახლობლად მსვლელობას წინ გადაუდგნენ კონტრდემონსტრანტები, რომლებმაც აღმართეს ცოცხალი ჯაჭვი, რაც ართულებდა მსვლელობის გაგრძელებას.
კონტრდემონსტრანტებმა გადაკეტეს რა რუსთაველის გამზირი, არ მისცეს მარშის მონაწილეებს გაფრთხილებაში მითითებული სვლაგეზის შესაბამისად მარშის გაგრძელების შესაძლებლობა, რითიც მათ დაარღვიეს კანონის მოთხოვნა, რომელიც ავალდებულებს მოქალაქეებს, ხელი არ შეუშალონ კანონით დადგენილი წესის დაცვით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას. ამასთან, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ერთერთი უმთავრესი პრინციპის შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ვალდებული არიან ქმედითი ზომების მიღებით დააშორიშორონ აქციის მონაწილეები და კონტრდემონსტრანტები, რაც ორივე ჯგუფის მიერ, მათი შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობას უზრუნველყოფს.
აქციის მიმდინარეობის პროცესში დაიწყო დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და კონტრდემონსტრანტებს შორის. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ დროს განსაკუთრებით აქტიური როლი უნდა შეესრულებინათ სამართალდამცავებს და უზრუნველეყოთ მარშის მონაწილეებისა და კონტრდემონსტრანტების დაშორიშორება ისე, რომ ამ ორ ჯგუფს შორის ფიზიკური დაპირისპირების პრევენცია მომხდარიყო. ამასთან, პოლიციას აქტიური ქმედებით ხელი უნდა შეეწყო აქციის მშვიდობიანად გაგრძელებისათვის. მიუხედავად ამისა, პოლიციამ მხოლოდ მას მერე დაიწყო ქმედება, რაც დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. პოლიცია ამ სიტუაციაში ,,გამშველებლის” როლით შემოიფარგლა და თავდამსხმელთა ჯგუფს გამოარიდა ნაცემი აქტივისტი, რაც სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეების კონტრდემონსტრანტებისაგან დაცვის პოზიტიური ვალდებულების დარღვევას წარმოადგენს.
მიგვაჩნია, რომ 2012 წლის 17 მაისს გამართულ აქციაზე შეილახა ლგბტ პირების შეკრების თავისუფლება როგორც კონტრდემონსტრანტების დესტრუქციული ქმედებებით, ასევე, სამართალდამცავების უმოქმედობითა თუ რიგ შემთხვევაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით და მოითხოვს აღნიშნული ფაქტების სრულყოფილ და ეფექტურ გამოძიებას.