არასამთავრობოები ხელისუფლებას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის გეგმას სთავაზობენ

18.03.2014

2014 წლის 17 მარტს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” არასამთავრობო ორგანიზაციებმა რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წევრებთან და მუნიციპალიტეტების მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად თვითმმართველობის რეფორმაზე იმსჯელეს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ.

შეხვედრა წარმოადგენდა სამოქალაქო საზოგადოების რეაგირებას 2014 წლის 13 მარტს  რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, კომისია “მოსახლეობას სთავაზობს თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებათაგან თითო თვითმმართველი თემის შექმნის შესაძლებლობის განხილვას, ადმინისტრაციული ცენტრებით თვითმმართველ ქალაქებში”.

არასამთავრობოთა დიდი ნაწილი თვლის, რომ რეფორმას ისედაც ეტაპობრივად გამოეცალა მოქალაქეთა ჩართულობის, სამხარეო თვითმმართველობის, ზიარი გადასახადების შემოღების და სხვა მნიშვნელოვანი ელემენტები. დღეს კი,  ცნობილი ხდება, რომ  მთავრობა თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შემდეგ აღარ აპირებს გააგრძელოს ოპტიმიზაციის პროცესი.

„გვინდა ხაზგამით ავღნიშნოთ, რომ თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებათაგან თითო თვითმმართველი თემის შექმნის და ადმინისტრაციული ცენტრების ისევ თვითმმართველ ქალაქებში დატოვება ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი ხელისუფლების და მოსახლეობის დაახლოებას, რაც რეფორმის მთავარი მიზანი უნდა გამხდარიყო” -ამბობს ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო” ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების პროგრამის მენეჯერი თინათინ ბოლქვაძე.  

საქართველოს რეგიონულ სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივ მრჩეველთა  საბჭოს თავმჯდომარის დავით ლოსაბერიძის აზრით, „ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული მოდელის მიღების შემთხვევაში არსებული სასოფლო დასახლებების მოსახლეობისათვის რეფორმის შედეგად პრაქტიკულად არაფერი შეიცვლება; კვლავ ვერ იქნება გათვალისწინებული კონკტერული ადგილობრივი / ზონალური ინტერესები; ვერ შეიქმნება ახალი კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მიზიდულობის ცენტრები გეოგრაფიულად და ინფრასტრუქტურულად ურთიერთდაკავშირებულ ტერიტორიებზე; ვერ შეიქმება პირობები ადგილობრივი ლიდერების გამოვლენისათვის.

შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორმა თვითმმართველი ქალაქების ირგვლივ ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკუთარი ვერსია წარმოადგინა, სადაც მაქსიმალურად არის დაცული ბალანსი დემოკრატიასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს შორის. არასამთავრობებმა ორი ძირითადი მოთხოვნა წამოაყენეს:

  1. საქართველოს ხელისუფლებამ განიხილოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის გეგმა;
  2. ადგილებზე ტერიტორიული მოწყობის განხილვების პროცესში უზრუნველყოფილი იყოს არასამთავრობო სექტორის და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა.

შეხვედრაზე არასამთავრობოების მხრიდან დაისვა შეკითხვები, თუ რამდენად თანმიმდევრულია ხელისუფლება რეფორმის განხორციელების დროს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილემ  თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ხვალიდან იწყება მოსახლეობასთან შეხვედრის პროცესი, სადაც გამოთქმული მოსაზრებები რეფორმის განხორციელების პროცესში გადამწყვეტი იქნება.