2010 წლის 24-25 თებერვალს გამართული სტრატეგიული შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს C ჰეპატიტის მკურნალობის და დაიგნოსტიკის ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებთან დაკავშირებით.
ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოსა” და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, 24-25 თებერვალს სასტუმრო ,,პრესტიჟში” გაიმართა სტრატეგიული შეხვედრა ,,C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში”. შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობა იმ საკითხებსა და სტრატეგიაზე, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საქართველოში უფრო მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება ჩაიტაროს მკურნალობა C ჰეპატიტზე. ღონისძიება ჩატარდა ,,მედიკამენტების ხელმისაწვდომობის” ინიციატივის ფარგლებში, რომლის განხორციელება ფონდმა ერთი წლის წინ დაიწყო.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში 170 მლნ ადამიანია C ჰეპატიტით დაავადებული, რაც დედამიწის მოსახლეობის 3%-ს შეადგენს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრისა და BTEP (US Department of Health and Human Service’s Biotechnology Engagement Program) ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს ზოგად პოპულაციაში C ჰეპატიტის პრევალენტობა 6,7%-ია; ეს ნიშნავს, რომ საქართველოში დაახლოებით 200 000 პირია დაავადებული C ჰეპატიტით. თუმცა მკურნალობის მაღალი ფასის გამო საქართველოში ვერც სადაზღვევო კომპანიები, ვერც სახელმწიფო და ვერც ინფიცირებულ პირთა უმრავლესობა ვერ ახერხებს C ჰეპატიტის მკურნალობის ხარჯების დაფარვას.
შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ექსპერტები საქართველოდან, ლიტვიდან, ინდოეთიდან და აშშ-დან, იდენტიფიცირებულ იქნა არა მხოლოდ მკურნალობისა და ტესტირების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ძირითადი ბარიერები, არამედ მოხდა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება სამოქალაქო სექტორის მიერ C ჰეპატიტის მკურნალობისა და ტესტირების შესაძლებლობების გაზრდასთან დაკავშირებული საკითხების ადვოკატირებისათვის. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის, რათა გაიზარდოს ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება ჩაიტაროს თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა.
იხილეთ ღონისძიების პრეს-რელიზი.