არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მინისტრობის კანდიდატ ბ-ნ დავით დარახველიძესთან შეხვედრის შემდეგ

23.10.2012

23 ოქტომბერი, 2012

 

დაუყოვნებლივ გასავრცელებლად

 

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატ   ბ-ნ დავით დარახველიძესთან დაკავშირებით

 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მივესალმებით პრემიერ მინისტრობის კანდიდატის ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამოხმაურებას ჩვენს მიმართვაზე, რომელიც  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატად  ბ-ნი დავით დარახველიძის წარდგენას ეხებოდა.

ბუნებრივია, პრემიერ მინისტრის პრეროგატივაა მინისტრობის კანდიდატების დასახელება და სამოქალაქო სექტორი მხოლოდ დამკვირვებლის როლით შემოიფარგლება. ბ-ნი ბიძინას გამოხმაურება გვაძლევს იმედს, რომ ახალი მთავრობა იქნება გახსნილი და უზრუნველყოფს სამოქალაქო  საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

მისასალმებელია, რომ  ბატონი დავით დარახველიძე ჩაერთო საჯარო დისკუსიაში და წარმოადგინა საკუთარი არგუმენტები. ამასთან,   პირადად შეხვდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

22 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე ბატონ დავითს განვუმარტეთ ჩვენი წუხილის მიზეზი და ის საფრთხეები, რაც მსგავსმა გამონათქვამებმა შეიძლება შექმნას, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამინისტროს მანდატი მოიცავს ურთიერთობას განსაკუთრებით დაუცველ ჯგუფებთან, კერძოდ, დევნილებთან,  ლტოლვილებთან, თავშესაფრის მაძიებლებთან და რეპატრიანტებთან.

ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდებიან საჯარო გამონათქვამებს და უზრუნველყოფენ თანასწორობის პრინციპის დაცვას.

 

ხელს აწერენ:

1.    ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

2.   კონსტიტუციის 42-ე მუხლი

3.   მწვანე ალტერნატივა

4.   საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო”

5.   საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო

6.   სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

7.   საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

8.   საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია

9.   საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

10. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

11. ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’

###

შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართვა გაავრცელეს, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატად   ბატონი დავით დარახველიძის დასახელებას ეხებოდა. არასამთავრობოები შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ მინისტრობის კანდიდატის მიერ ამბროლაურის რაიონში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამები, ისევე, როგორც აგრესიული ტონი მასმედიასთან ურთიერთობისას.  არასამთავრობო ორგანიზაციები სთხოვდნენ პრემიერ  მინისტრობის კანდიდატს ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს, გადაეხედა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის დასახელებულ კანდიდატურისთვის და უფრო მეტი სიფრთხილე და პრინციპულობა გამოეჩინა  სხვადასხვა თანამდებობებზე დასანიშნი საჯარო მოხელეების შერჩევისას.  

არასამთავრობოების მიმართვას 20 ოქტომბერს გამოეხმაურა ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი.