არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ჯანმრთელობა საქართველოში

05.07.2011

ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” და “წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა” არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულების მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს. კვლევა მოიცავს არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჯანდაცვის სტანდარტების შეფასებას, ასევე მოზარდების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კვლევა დაიწყო 2010 წელს „სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან” გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. მონიტორინგის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა.

მონიტორინგის განხორციელების მიზანი იყო ავჭალის არასრულწლოვანთა (150-მდე არასრულწლოვანი) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჯანდაცვის სფეროს ძირითადი პრობლემებისა და საჭიროებების განსაზღვრა, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენა, გამომწვევი მიზეზების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება.

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ხშირ შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალი ადეკვატურ რეაგირებას ახდენს აღმოცენებულ პრობლემებზე. სამინისტროს მხრიდან არის რეალური სურვილი და მცდელობა იმისა, რომ დაინერგოს ადმინისტრირების ეფექტური ინსტრუმენტები და გაუმჯობესდეს მართვის სისტემა, თუმცა შეინიშნება ხარვეზები ადმინისტრირების და მართვის თვალსაზრისით. “არის სხვადასხვა ხარვეზები. მაგალითად ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემა არ არის კარგად აწყობილი, ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, არ ხდება მსჯავრდებულის გადაყვანა სპეციალურ დაწესებულებაში, არის შემთხვევები, როცა მსჯავრდებულებს ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვის სერვისებზე, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ სამინისტრო უკვე ცდილობს არსებული პრობლემების გადაჭრას”- ამბობს ნინო კიკნაძე, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” წარმომადგენელი.

კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ დაწესებულებაში ჯანდაცვის დაფინანსება საკმარისი არ არის, რის გამოც არ ხდება არასრულწლოვანთა სამედიცინო და ფსიქიატრიული გამოკვლევა მსჯავრდებულის დაწესებულებაში შესვლისას. სამედიცინო ექსპერტის ზურაბ აზმაიფარაშვილის თქმით ”დაწესებულებაში დანერგილია ტუბერკულოზის არაეფექტური სკრინინგი, მას აწარმოებენ მხოლოდ კითხვარის გამოყენებით, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი კეთდება მხოლოდ ნახველის ბაქტეროლოგიური ანალიზი, რამაც შესაძლოა რეალური სურათი არ მოგვცეს”- აღნიშნავს ექპერტი.

ასევე აღსანიშნავია, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა დაავადებათა პრევენციულ ღონისძიებებს. ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება გადამდები დაავადებებით ინფიცირებულ მსჯავრდებულთა იზოლირება, მსჯავრდებულებს აწუხებთ ხშირი დერმატოლოგიური ინფექციები.

ანგარიშის ერთ-ერთი თავი ეთმობა დაწესებულებაში მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასებას. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ არასრულწლოვანთა 2/3-ს აქვს გამოხატული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. თვალსაჩინოა 3 წამყვანი აშლილობა: პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა, ქცევითი აშლილობები და ანტისოციოლოგიური აშლილობა. განსაკუთრებით შემაშფოთებელი სურათია არასრულწლოვანთა დეპრესიული და შფოთვითი აშლილობის მხრივ.

“გარკვეული პრობლემები აღმოჩნდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში. სკრინინგისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების შედეგად გამოვლინდა, რომ 70 პროცენტამდე მოზარდს აქვს ერთი ან მეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. საჭიროა, რომ დაწესებულებაში დაინერგოს ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობის სკრინინგი პრობლემების ადრეული გამოვლენის მიზნით და შემუშავდეს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ფსიქიკური დაცვის სტრატეგია”- ლელა ცისკარიშვილი, კვლევის კოორდინატორი.

კვლევის პრეზენტაციას ექსპერტები, უფლებადამცველები და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ განაცხადა, რომ კვლევა ხელისუფლებისთვის საინტერესოა და ისინი პრობლემების გამოსწორებაზე იმუშავებენ.

“კვლევამ დაგვანახა, რომ თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შესაძლებელია შევისწავლოთ ის მოთხოვნები და გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას დღეს ჯანდაცვის სისტემა და პენიტენციალური სისტემა. მე ვფიქრობ, რომ ეს ფაქტებზე დამყარებული კვლევა წარმოქმნის რეკომენდაციებს, რომელიც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი სამინისტროების მიერ. რეკომენდაციებს გაეცნობა პარლამენტიც და ალბათ საჭირო გახდება ზოგიერთი საკანონმდებლო ნორმის გადახედვა.”-აღნიშნა ოთარ თოიძემ.

კვლევაზე მუშაობდნენ არჩილ თალაკვაძე სახალხო დამცველიდან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია, სამედიცინო ექსპერტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტი ნინო მახაშვილი და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენელი ლელა ცისკარიშვილი.

ნახეთ ანგარიშის სრული ვერსია.