არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მაღალი თანამდებობის მქონე პირების ხელშეწყობით / მათი თანხმობით მოქმედებენ

09.12.2024

 ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებების მიერ  თავდასხმის ფაქტების შესახებ. არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები განსხვავებული აზრის მიმართ ტერორის სახელმწიფო მექანიზმის ერთ-ერთი იარაღია.   

ეს არის ტაქტიკა, რომელშიც მონაწილეობენ სახელმწიფო ოფიციალური ინსტიტუტებისა და მაღალი თანამდებობის მქონე პირების მიერ წახალისებული არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები, რომელთა მიზანიც არის ძალადობა, დაშინება საპროტესტო მოძრაობების მხარდამჭერებისა თუ ჟურნალისტების მიმართ. მეტიც, ასეთი ფაქტების სიმრავლე და პოლიციის სრული უმოქმედობა მიუთითებს, რომ დანაშაულის პრევენციის, აღკვეთისა და რეაგირებაზე უფლებამოსილი პირების მხრიდან არსებობს წინასწარი თანხმობა სადამსჯელო დაჯგუფებების მიერ დანაშაულის განხორციელებაზე. 

ამ ტაქტიკას პირველად 2024 წელს აპრილ-მაისის აქციების დარბევების დროსაც ჰქონდა ადგილი, რაც, როგორც ქცევის მოდელი, „ტიტუშკების რეიდად“ შეფასდა.1 2024 წლის აპრილ-მაისში, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციების დროს, უცნობი პირები ხვდებოდნენ აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებს და მათი ოჯახის წევრებს სახლებთან ან ქუჩაში, სადაც მათ სასტიკად უსწორდებოდნენ, რასაც ასევე არ მოჰყოლია არანაირი რეაგირება სამართალდამცავი უწყებებისგან,2  რამაც კიდევ უფრო წააქეზა და განავრცო ძალადობის ფარგლები. სადამსჯელო დაჯგუფებების ძალადობას ადგილი ჰქონდა, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ პროტესტებზე.3 

2024 წლის 28 ნოემბრიდან, ტერორის სახელმწიფო მექანიზმის არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებების ინტერესს შემდეგი პირები წარმოადგენენ:  

  • 2 დეკემბერს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, გელა ხასაიას, სამი ე.წ. ტიტუშკა საკუთარ სახლთან დაესხა თავს, როდესაც ის აქციაზე მისვლას ცდილობდა, მას სასტიკად სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.4  
  • 5 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო მარიოტის წინ, მობილიზებული ე.წ. ტიტუშკები შენობიდან ოპოზიციის ლიდერების გამოსვლას ელოდებოდნენ. მათ შორის იყო სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფი პოლიციის თანამშრომელი, გიორგი პირველაშვილი.5 ტიტუშკებსა და პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირების დროს პოლიცია ე.წ. „ტიტუშკებს“ შეუერთდა თავდასხმაში და სპორტსმენი და ოპოზიციური პარტიის „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ დათუნაშვილი დააკავა.6 
  • 6 დეკემბერს „პუბლიკას” ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს, ცისფერ გალერეასთან საპროტესტო აქციის გაშუქების დროს, თავს დაესხნენ უცნობი პირები და მასზე ფიზიკურად იძალადეს. იმის მიუხედად, რომ სამართალდამცველები შემთხვევის ადგილთან ძალიან ახლოს იდგნენ, მათ არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ ამ ფაქტზე.7 
  • 6-7 დეკემბრის აქციაზე, ღამით, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა რუსთაველის გამზირიდან თარხნიშვილის ქუჩით სანაპიროსკენ გადაინაცვლეს, მათ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული8 უცნობი პირები დაუპირისპირდნენ,9 რასაც არ მოჰყოლია პოლიციის მხრიდან რაიმე რეაგირება.  
  • 7 დეკემბერს სადამსჯელო რაზმების ძალადობა ახალ რეპრესიულ საფეხურზე გადავიდა, მას შემდეგ, რაც ისინი თავს ესხმოდნენ აქციის მონაწილეებს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ. მოქალაქეები ყვებოდნენ, რომ აქციის მონაწილეებს ნიღბიანი, ხელკეტებით შეირაღებული პირები დასდევდნენ და სცემდნენ.10 ფიზიკურად გაუსწორდნენ მსახიობ გიორგი მახარაძესაც, რომლის თქმითაც პოლიციას ძალადობაზე სათანადო რეაგირება არ ჰქონია.11 გავრცელებული ინფორმაციით, ტიტუშკებმა სცემეს აქციის მონაწილეს, ფსიქოლოგ გიორგი ჩოგოვაძეს.12 
  • 7 დეკემბერს ერთი და იგივე სადამსჯელო დაჯგუფება თავს დაესხა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს13 და ამავდროულად სასტიკად გაუსწორდა ოპერატორს, გიორგი შეწირულს.14  დაჯგუფების წევრები ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ მაკა ჯანაშიას და ეკა ჯანაშიას და წაართვეს მათ ტელეფონები, რადგან ისინი „ტვ პირველის“ ჟურნალისტებზე ძალადობის კადრებს ტელეფონით იღებდნენ.15 
  • 7 დეკემბერს, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შემდეგ, იგივე სადამსჯელო დაჯგუფება16 შეიჭრა  პარტია „ახალის“ ოფისში და კობა ხაბაზს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე თავდასხმა ხანმოკლე ინტერვალით ბესიკის ქუჩაზე მოხდა, ხოლო პოლიციას ამაზეც არანაირი რეაგირება არ ჰქონია.  

სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის კარგად არის ცნობილი, თუ ვინ არიან სადამსჯელო დაჯგუფების წევრები. ეს ცხადადაა ცნობილი ღია წყაროებში არსებულ მასალებში, მაგალითად, ზოგჯერ ჩანს თავდამსხმელთა სახეები.17 თუმცა, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ, მაშინ, როდესაც საპატრულო ეკიპაჟს შეეძლო რეალურ დროში აღეკვეთა ძალადობა, ან მოეხდინა მასზე რეაგირება, საჯარო წყაროები მიუთითებს სრულ ინდიფერენტულობასა და უმოქმედობაზე.18  

ეს ყოველივე, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, უთითებს, რომ არაფორმალური სადამსჯელო დაჯგუფებები სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მაღალი თანამდებობის მქონე პირების ხელშეწყობით / მათი თანხმობით მოქმედებენ აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების ტერორის მიზნით.  

—-

1  საია, საქართველო: ადამიანის უფლებები რუსული კანონის პირისპირ, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა უცხოური გავლენის გამჭირვალობის კანონპროექტის რეინიციირებიდან 60 დღის განმავლობაში, 2024, 9, ხელმისაწვდომია: https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0.pdf_01722589845.pdf, [08.12.2024]. 

2   იქვე.

3  საზოგადოებრივი მაუწყებელი, აქცია ცესკო-ს თავმჯდომარის სახლთან, 16.11.2024, ხელმისაწვდომია: https://1tv.ge/video/aqcia-cesko-s-tavmjdomaris-sakhltan/, [08.12.2024]. 

 გელა ხასიას სახლთან დახვდნენ. 2.12.24, https://www.facebook.com/mariam.shushania.1/posts/pfbid034PpzxMw6XJU3gZBXU9iCSaMjcYjjvBndtrPjwMSMmE6FktnPHX1Ka6eQH5MKfmgGl

5  იხ. ტვ პირველის სიუჟეტი https://www.youtube.com/watch?v=pW8QBvpM4dU 

6  ,,ქორთიარდ მარიოტთან“ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. https://www.youtube.com/watch?v=4B2IXUzAVW8 7  საია ეხმიანება „პუბლიკას” ჟურნალისტის, მინდია გაბაძეზე თავდასხმის ფაქტს, 06.12.2024, https://www.facebook.com/photo/?fbid=997707765734579&set=a.485094683662559 

8 ‼️ სანაპიროზე მყოფ აქციის მონაწილეებს იარაღიანი “ტიტუშკები” მიუგზავნეს https://www.facebook.com/watch/?v=1086442272746708

9 იხ: საია – ს განცხადება „ლეგიტიმური პოტესტის მე-9 ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა“ 07.12.24. https://gyla.ge/post/protesti-me9-game-darebav-gyla 

10  იხ. ტვ პირველის პირდაპირი ეთერი, 07.12.2024, 22:10

11  მთავარი არხის ფეისბუქ გვერდი, 07.12.2024, https://www.facebook.com/TvMtavari/videos/594925579675717;  

12 მთავარი არხის ფეისბუქ გვერდი, 08.12.2024, https://www.facebook.com/photo/?fbid=978915494291121&set=a.628036179379056,  

13  პირდაპირ ეთერში გადამღებ ჯგუფს ნიღბიანი ადამიანი მიუახლოვდა და ოპერატორისთვის კამერის წართმევას ცდილობდა, ამ დროს მაკა ჩიხლაძეს უკნიდან ასევე ნიღბიანი პირი მიუახლოვდა და ძირს დააგდო, ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპერატორს. https://1tv.ge/news/telekompania-tv-pirvelis-gadamgheb-jgufs-pirdapir-etershi-daeskhnen-tavs-video/?fbclid=IwY2xjawHCaPNleHRuA2FlbQIxMQABHYDd5ODzxfGKqeD9MnRMOtkrTycKWtiCTHIPJRwxv7PXlXI8JJyAj3mhkw_aem_AbU71sKmvbo20XD1oEgLSw

14 ტიტუშკები „ტვ პირველის” ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. https://www.facebook.com/reel/1143698633979632 

15 იხ. ფეისბუქ პოსტი, https://www.facebook.com/mariam.gogiashvili.16/posts/pfbid02WCmvaCTmzcHnUTg12zDA753UGQuLPMszBcdZYA5Fn7tX9UzkEWecDTu2rxaK8LTil

16 იხ: რადიო თავისუფლება: ერთი და იგივე ჯგუფი თავს დაესხა „ტვ პირველის” ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და კოალიცია „ცვლილებების” ოფისს. https://www.instagram.com/p/DDSsyHky20r/ 

17 იხ: საია – ს განცხადება „ლეგიტიმური პოტესტის მე-9 ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა“ 07.12.24. https://gyla.ge/post/protesti-me9-game-darebav-gyla 

18. “ბიტა უჭირავს და აცილებს” – როგორ (არ)მოქმედებს პოლიცია ნიღბიანი ბანდების წინააღმდეგ. https://www.facebook.com/reel/964512905732781 ; „უყურებდი, 30 კაცი დუბინკით როგორ მცემდა მარტოს, უყურებდი“ — გიორგი მახარაძის მიმართვა პოლიციელს https://www.facebook.com/reel/500573012333067

სიახლეები

მულტიმედია