აღმოსავლეთ პარტნიორობის რუკის შესრულების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია ბრიუსელში

12.11.2013

6 ნოემბერს „ღია საზოგადოების ფონდების” საქართველოსა და სომხეთის წარმომადგენლებმა ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკის მონიტორინგის ანგარიში წარუდგინეს ევროკავშირის ინსტიტუტების, ბრიუსელში მომუშავე ანალიტიკური ცენტრებისა და აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

ანგარიშში შეფასებულია ბოლო წლის მანძილზე ევროკავშირთან დაახლოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და არსებული გამოწვევები საქართველოსა და სომხეთში. 

ფონდ ‘ღია საზოგადოება საქართველოს’ მხრიდან ანგარიში წარადგინეს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ხუციშვილმა და მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა კორნელი კაკაჩიამ. ქეთევან ხუციშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და რუსეთის შესაძლო ზეწოლაზე. ასევე ოქტომბერში ქვეყანაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი შეძლებს მოკლე ვადებში მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას. ამასთან, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოსახლეობას მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია იმ დადებით მხარეზე, რაც ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას უკავშირდება.

ბრიუსელში ვიზიტისას ქართველმა მკვლევარებმა, რომლებიც ანგარიშის მომზადებაზე მუშაობდნენ, შეხვედრები გამართეს ევროპის საგარეო უსარფრთოხების სამსახურის, ევროპის პარლამენტის, შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისიის დირექტორატის და გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის წარმომადგელებთან.

ანგარიშის პრეზენტაცია თბილისში 23 ოქტომბერს გაიმართა. 

ანგარიშის სრული ვერსია.