კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის” განცხადება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” აპროტესტებს აჭარის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომელმაც სრულიად უგულებელყო “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი და დაარღვია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევის ამ კანონით განსაზღვრული კვოტირების სისტემა. აჭარის უმაღლეს საბჭოში კოალიცია “ქართული ოცნების” დეპუტაციამ უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატებს არ მისცა საშუალება მრჩეველთა საბჭოს წევრებად აერჩიათ უმცირესობის მიერ წარდგენილი კანდიდატებიც, როგორც ამას „მაუწყებლობის შესახებ” კანონი მოითხოვს. 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო დაკომპლექტდა ერთპარტიული ნიშნით.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება შემაშფოთებელია როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს გადაწყვეტილება ხელს უშლის საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების პროცესს და არის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში უხეში პოლიტიკური ჩარევის ფაქტი.
კოალიცია მიმართავს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს, გამოიჩინონ პოლიტიკური გამჭრიახობა და მაღალი სამართლებრივი შეგნება და გააუქმონ მიღებული გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოალიცია გამოიყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილების გასაუქმებლად და მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ საერთო ძალისხმევით არ დაუშვან აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განსახელმწიფოებრიობის პროცესში ადგილობრივ პოლიტიკოსთა უხეში ჩარევა.
6 ნოემბერი 2013 წ.