2012 წლის 2-9 ივნისს ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები სერბ პარტნიორებთან ერთად სასწავლო ვიზიტით მოლდოვაში იმყოფებოდნენ. ვიზიტი არასამთავრობო ორგანიზაცია FACLIA-ს მიწვევით, პროგრამის „აღმოსავლეთი-აღმოსავლეთი საზღვრებს გარეშე” ფარგლებში განხორციელდა.
„აღმოსავლეთი-აღმოსავლეთი საზღვრებს გარეშე” ფონდის ქსელური პროგრამაა, რომელიც საქართველოს, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ. გამოცდილების გაზიარება სხვადასხვაგვარად ხდება, თუმცა ყველაზე ხშირი სასწავლო ვიზიტებია, რომლის ფარგლებშიც პროგრამის ქართველი მონაწილეები აღნიშნულ ქვეყნებში მიემგზავრებიან, უცხოელი სპეციალისტები კი საქართველოს სტუმრობენ.
ამჯერად, მოლდოვაში ქართული ჯგუფი ახალგაზრდობასთან დაკავშირებული გამოცდილების შესასწავლად გაემგზავრა. მონაწილეები შეხვდნენ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორიც არის ახალგაზრდების დასაქმება, ახალგაზრდული აქტივობების პოპულარიზაცია, მოხალისეობა, ახალგაზრდების მონაწილეობა ბიზნესის განვითარებაში და ა.შ
“გვინდოდა ადგილზე გავცნობოდით ვითარებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის შესახებ, თუ როგორ მუშაობენ ამ მიმართულებით, რა შეიძლება ყოფილიყო ჩვენთვის სიახლე, რა სახის გამოცდილების გაზიარება შეგვეძლო ჩვენ მათთვის და პირიქით,”-ამბობს ნინი ფოფხაძე, ორგანიზაცია „დრონი”-ს წარმომადგენელი.
ქალაქი უნგენი, ჯგუფის ძირითადი მასპინძელი, არის ქალაქი, რომელმაც მოლდოვაში არსებული ტრადიციის მიხედვით, წელს ყველაზე ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსი მოიპოვა. ქალაქი ასევე ცნობილია ინდუსტრიით, ძლიერი ბიზნეს სექტორით, სადაც შედარებით მაღალია დასაქმების დონეც.
უნგენში მონაწილეები ეწვივნენ ადგილობრივ ორგანიზაციას, სადაც 360 ახალგაზრდა მოხალისეა დასაქმებული. ორგანიზაცია ახორციელებს 16-დან 27 წლამდე ახალგაზრდების დასაქმების პროექტებს. ორგანიზაცია სანიმუშოდ ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამშრომლებისთვის.
„ამ ორგანიზაციას გააჩნია საკმაოდ შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურული კომპლექსი, რომელიც მოიცავს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბებს, სატრეინინგო და საკონფერენციო დარბაზებს, შემეცნებით-გასართობ ცენტრს და ა.შ ეს ყველაფერი საოცრად მორგებულია ახალგაზრდულ გარემოს, სადაც ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს საშუალება გამოავლინოს თავისი ნიჭი, უნარი და მისივე ინიციატივის ფარგლებში დაისახოს რაიმე კონკრეტული იდეა თუ მიზანი. ორგანიზაცია ხელს უწყობს ახალგაზრდების უნარ-ჩვევების ამაღლებას სხვადასხვა მიმართულებით.”- აღნიშნავს ნინი ფოფხაძე.
უფრო დეტალურად სასწავლო ვიზიტს ორგანიზაცია “დრონის” წარმომადგენელი ნინი ფოფხაძე იხსენებს.