ახალი ვებპორტალი არასამთავრობოებისათვის

14.05.2012

18 მაისს, 15საათზე სასტუმრო „თბილისი მარიოტში”, გაიმართება ვებპორტალის www.csogeorgia.org პრეზენტაცია. იგი შეიქმნა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლის, კომუნიკაციის გაუმჯობესების, რესურსების გაზიარების მიზნით. საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეს ვირტუალური სივრცე საშუალებას მისცემს დროის და ენერგიის მინიმალური დანახარჯით მიიღონ ინფორმაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მათი საქმიანობის შესახებ, ანუ გაეცნონ საქმეს, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ.

ვებპორტალის კონცეფციაა:

• თანამედროვე დიზაინი, მინიმალური „სიჭრელე”;
• მაქსიმალურად ერთ სივრცეში თავმოყრილი მრავალფეროვანი ინფორმაცია;
• მეგობრული ანუ მარტივი ნავიგაცია.

ვებპორტალზე www.csogeorgia.org სტუმრობისას მიიღებთ ინფორმაციას საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის შესახებ, სატელიტურ რუკაზე მოიძიებთ მათ ადგილმდებარეობას, შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციების რეგიონული განაწილება, მიიღოთ ინფორმაცია მათ მიერ შექმნილი ქსელებისა და პლატფორმების შესახებ. გაეცნოთ მათ გამოცემებს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში. საჭიროების შემთხვევაში მიიღოთ კონსულტაცია არასამეწარმეო სამართალში ან გაეცნოთ ამ სფეროში ხშირად წამოჭრილ საკითხებს, სასარგებლო ლიტერატურა კი ნებისმიერ არასამეწარმეო იურიდიულ პირს დაეხმარება უკეთ წარმართოს ორგანიზაციული საქმიანობა ან დააფუძნოს ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ასევე, მიიღონ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ საერთაშორისო წარმომადგენლობების, მათი პროგრამებისა და საგრანტო კონკურსების შესახებ. პორტალის ანალიტიკური კუთხე კი მკითხველს სთავაზობს მოსაზრებებს სფეროში მიმდინარე პროცესებზე.

პორტალი www.csogeorgia.org შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” პარტნიორობით, ასევე ფონდ EED-ისა და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით.