ახალი ჟურნალისტური გამოძიება საჯარო სკოლებიდან პედაგოგების გათავისუფლების თემაზე

21.06.2012

21 ივნისს, ხუთშაბათს, 14 საათზე ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში (ჭოველიძის ქ. 10) გაიმართება სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია.

ჟურნალისტური გამოძიება საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებიდან რამდენიმე ათეული პედაგოგის გათავისუფლების შესახება მოგვითხრობს. გათავისუფლებული პედაგოგები სამსახურის დაკარგვას მათი ოჯახის წევრების ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ.

სტუდია მონიტორმა ათამდე გათავისუფლებული პედაგოგის საქმე შეისწავლა და გამოარკვია, რომ პედაგოგები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, კანონის დარღვევით არიან გათავისუფლებული სამსახურიდან. მათი ოჯახის წევრების ნაწილი მართლაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან.

პედაგოგებმა გათავისუფლება სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა დღემდე გამართული ყველა სასამართლო პროცესი წააგეს.

ჟურნალისტურ გამოძიებაში ასევე ნაჩვენებია 2005 წელს დაწყებული განათლების რეფორმის სახეცვლილება. საკანონმდებლო ცვლილებების და ექსპერტების შეფასებების მიხედვით 2005 წელს აღებული კურსი, რომლითაც სკოლა ავტონომიური უნდა ყოფილიყო, დიმიტრი შაშკინის გამინისტრების შემდეგ მკვეთრად შეიცვალა და დღეს 2000-ზე მეტი საჯარო სკოლა ცენტრალიზებულად, განათლების სამინისტროდან წამოსული დირექტივებით იმართება.

2010 წლიდან, ჟურნალისტების და არასამთავრობოების უმრავლესობისთვის სკოლა ჩაიკეტა, სკოლის ადმინისტრაცია სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე გადაწყვეტილებებს თითქმის ვერ იღებს. შეიქმნა მანდატურის ინსტიტუტი, რომლის მასშტაბური ფუნქციები და უფლებამოსილებაც, სკოლის დამოუკიდებლობას ზღუდავს.

ფილმის ჩვენებასთან ერთად გაიმართება სამოქალაო განვითარების ინსტიტუტის კვლევის პრეზენტაცია: “სასკოლო თემის დამოკიდებულება სკოლის უსაფრთოხების პოლიტიკისადმი”. კვლევა ჩატარდა პროექტის ,,ბავშვზე ორიენტირებული სკოლის ადვოკატირების” ფარგლებში”. კვლევის ხელმძღვანელია ნათია ანდღულაძე.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.