ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის

13.11.2013

„დამაინტერესა პროგრამამ და განაცხადი წარვადგინე. ტრენინგები გავიარე ადვოკატირების ახალ სტრატეგიებზე, დაფინანსების მოზიდვაზე, მცირე შემოწირულობებზე, რაც დღესდღეობით ყველაზე დიდ  გამოწვევას წარმოადგენს არასამთავრობო სექტორისთვის. მოლოდინი მქონდა საკმაოდ დიდი და საბედნიეროდ გამიმართლდა… ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის, განსაკუთრებით საინტერესო იყო სლოვაკი ექსპერტის ტრენინგი, რომელიც პროფესიით სოციალური ფსიქოლოგია. ამ ეტაპზე ველი მცირე გრანტების კონკურსის გამოცხადებას, რომელშიც აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას”-თამარ მოცრაძე, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის წარმომადგენელი ასე ახასიათებს ახალგაზრდულ პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის გამართული ტრენინგების ციკლს, რომელიც ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით ოქტომბრის თვეში მიმდინარეობდა.

ტრენინგების მოწყობა, რომლის მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება იყო, ფონდის ისტორიაში პირველი არ არის, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამამ ახალგაზრდულ ორგანიზაციებზე აქცენტი პირველად გააკეთა. ამ პროექტის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. ოქტომბერში ჩატარებულ ტრენინგებში არასამთავრობო ორგანიზაციის 40-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგის თემები მოიცავდა პროექტების დაგეგმვის, მართვის, განხორციელების საფუძვლებს,  დემოკრატიული განვითარებისა და კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებების, ფონდების მოძიების, ადვოკატირების ახალი სტრატეგიების, სოციალური მედიის და მრავალფეროვნების მართვის საკითხებს. თეორიის პარალელურად, სამუშაო პროცესი, ძირითადად პრაქტიკულ ჯგუფურ და ინდივიდუალურ სავარჯიშოებზე, როლურ თამაშებზე და სიტუაციურ დავალებებზე იყო აგებული.

ტრენინგებს უძღვებოდნენ  წამყვანი ადგილობრივი  ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც სხვადასხვა გამოცდილება გააჩნიათ (ირინა ხანთაძე, ბუბა ცირეკიძე, ზვიად დევდარიანი, გიორგი გოგია, თეა გველესიანი, კახა მაღრაძე. პროგრამაში ჩართული იყო აღმოსავლეთ ევროპელი ექსპერტი დუშან ონდრუშეკიც).  

კონკურსის საფუძველზე შერჩეული 10 მონაწილე 5 ნოემბერს აღმოსავლეთ  ევროპულ ორგანიზაციასთან მაკედონიის ‘Youth Educational Forum’-ში სასწავლო ვიზიტზე გაემგზავრებიან.   მაკედონიელი კოლეგები ქართველ მონაწილეებს  გააცნობენ ონლიან მედიის ეფექტურად გამოყენების საშუალებებს, ახალგაზრდების მონაწილეობას ადვოკატირების პროცესებში, ინტერკულტურულ გარემოსა და მრავალფეროვნების მართვას, მოხალისეობრივ საქმიანობას, კომუნიკაციასა და მხარდამჭერთა მოზიდვის მეთოდებს, ახალგაზრდობის შესახებ კვლევების შედეგებს და სხვა საკითხებს. 

პროექტის დასრულების შემდეგ,  სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს, სადაც ტრენინგში მონაწილე ორგანიზაციები შეძლებენ მონაწილეობას. ეს მათ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.

მანამდე კი, დაველოდოთ სასწავლო ვიზიტის შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებს…

ნახეთ ფოტოგალერეა.