ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” შიდა პროექტის: “უმუშევართა გადამზადება და თვითდასაქმება” ფარგლებში მომზადებული ყოფილი საჯარო მოხელეების დახმარებით და ფონდის დაფინანსებით ბედიანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მეფუტკრეობის პროფესიას ეუფლებიან და მომავალში საკუთარი მეფუტკრეობის მეურნეობით ბავშვთა სახლს თაფლით თავად უზრუნველყოფენ.
ბედიანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მეფუტკრეობის თეორიული საფუძვლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლების კურსს 2007 წლის დასაწყისიდან გადიან და მათთვის შეძენილ მეფუტკრეობის მეურნეობაზე ზრუნვას და თაფლის მოყვანას რამოდენიმე თვეა სწავლობენ.
აგვისტოში მათ საკუთარი მეურნეობიდან უკვე 250 კილოგრამი თაფლი და ფუტკრის რამოდენიმე ოჯახის ნამატი მიიღეს. ბავშვთა სახლისათვის მეფუტკრეობის მეურნეობის შექმნა, მზრუნველობას მოკლებული ბავშვების რაციონის თაფლით უზრუნველყოფა და ამავდროულად მათთვის სპეციალური სწავლების – მეფუტკრეობის პროფესიით დაუფლების იდეა “უმუშევართა გადამზადებისა და თვითდასაქმების” პროექტის მონაწილეებს ეკუთვნით.