ბოშა საქართველოში საზოგადოების ძირითადი ნაწილისგან იზოლირებულად მცხოვრები 750 ბოშის, 800 მოლდაველის და 150 ქურთულენოვანი მოსახლეობის საერთო სახელია (სორდია, 2010).
ბოშები ქვეყანაში ყველაზე მარგინალიზებულ და სოციალურად გამიჯნულ ეთნიკურ ჯგუფებს წარმოადგენენ. უკიდურესი სიღარიბე, უმუშევრობა, ჯანდაცვის მომსახურებასა და განათლებაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა, ქართული ენის ცუდად ცოდნა, სათანადო საბუთების უქონლობა – ამ ადამიანების პრობლემების არასრული ჩამონათვალია. სამოქალაქო ცხოვრებაში მათი ჩართულობის დონე ძალიან დაბალია: ისინი არ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, არ ენდობიან მთავრობას ან ფართო საზოგადოებას, არ არიან ჩართულნი სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამებში და ცუდად არიან ინფორმირებულნი საკუთარი უფლებების შესახებ. აღნიშნული ჯგუფების ძირითადი ეკონომიკური და სოციალური საქმიანობა მათხოვრობა და წვრილმანი ვაჭრობაა. მათი სოციალური და ეკონომიკური პირობები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსხვავდება: უკიდურესი მარგინალიზაცია შეინიშნება თელავისა და ქუთაისის ახლოს არსებულ დასახლებებში. შედარებით უკეთესი მდგომარეობა დაფიქსირდა თბილისში, ლოტკინისა და სამგორის დასახლებებში, სადაც ბოშები წვრილმან ვაჭრობას ეწევიან და ამ გზით არჩენენ ოჯახებს. ლენინოვკაში და ქობულეთში წვრილმანი ვაჭრობა და მათხოვრობა ბოშების მოთხოვნებს აღარ აკმაყოფილებს. მათ გაუჩნდათ სურვილი, რომ მათმა შვილებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება და შეიძინონ ის პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც უფრო შემოსავლიანი სამუშაო ადგილის პოვნაში დაეხმარება.
2011 წლიდან ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო” მხარს უჭერს საქართველოში მცხოვრებ ბოშათა თემების პიროვნულ, სოციალურ, კულტურულ განვითარებას და მათ ეკონომიკურ და სამოქალაქო ინტეგრაციას. ბოშათა უნიკალური კულტურის შენარჩუნება ერთერთი მთავარი პრიორიტეტია.
პირველად, ბოშათა ფესტივალი 2011 წელს ჩატარდა. 2012 წელს ბოშათა ქობულეთის ანსამბლმა არტ გენის ფესტივალშიც მიიღო მონაწილეობა.
2009 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო ეროვნული უმცირესობების შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია. მაგრამ სამოქმედო გეგმა პირველ რიგში საქართველოში მცხოვრებ იმ ეროვნულ უმცირესობებს მოიცავს, რომელთა რიცხვი ბოშების რაოდენობას გაცილებით აღემატება. 2011 წელს, უმცირესობათა საკითხების ევროპულმა ცენტრმა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტის „ბოშათა თემების მხარდაჭერა და განვითარება საქართველოში” განხორციელება. პროექტი მიზნად ისახავდა მარგინალიზებული თემების განვითარებას, მათი ეკონომიკური და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას, ახალგაზრდების პროფესიული უნარ-ჩვევებით აღჭურვასა და მათი უნიკალური კულტურის შენარჩუნებას. პროექტის შედეგად ბოშათა თემის 50-მა წარმომადგენელმა გაიუმჯობესა პროფესიული უნარ-ჩვევები და სამუშაოს პოვნის შესაძლებლობა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა უნიკალური კულტურის ხელშემწყობი ღონისძიებები, მათ შორის ბოშათა ფესტივალი, რომელიც თბილისში 2011 წლის გაზაფხულზე გაიმართა; ტრენინგის პროგრამების დაახლოებით 60-მა მონაწილემ გაიღრმავა მათემატიკისა და ქართული ენის ცოდნის დონე; გაძლიერდა რეგიონული კავშირები საქართველოს სხადასხვა კუთხეში მცხოვრებ ბოშათა თემებს შორის; შეიქმნა ბოშათა არასამთავრობო ორგანიზაცია გაჩიანში. დასკვნითი კონფერენცია გაიმართა თბილისში. მასში მონაწილეობას იღებდნენ ბოშათა თემის, საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე მონაწილეებს გააცნეს პროგრამის შედეგები, მიაწოდეს ინფორმაცია ბოშებისა და მათი საჭიროებების შესახებ.
„ჩვენ ერთი ქალაქის შვილები ვართ” კიდევ ერთი პროექტია, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტი, რომელიც ქუთაისში მცხოვრები ბოშათა თემის ბავშვთა საჭიროებებზე ამახვილებს, ყურადღებას, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განახორციელა. პროექტის ფარგლებში შემდეგი ქმედებები შესრულდა: მშობლების გათვითცნობიერება მათი შვილების უფლებების შესახებ, ბავშვთა უფლებების ადვოკატირება, უფასო იურიდიული კონსულტაციები, ბოშათა ინტერესების დაცვა სასამართლოში და ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე. რეგიონული ტელევიზიით ეთერში გავიდა სპეციალური პროგრამები ბოშათა ოჯახების შესახებ. საია-ს ოფისის ბაზაზე დაარსდა საკვირაო სკოლა. სკოლაში ბოშათა ბავშვებმა გაიარეს სამოქალაქო განათლების კურსები. ჩატარდა 82 შეხვედრა ბოშათა დასახლებებში ეროვნული პოლიტიკის საკითხებზე მათი გათვითცნობიერებისა და იურიდიული კონსულტაციების უზრუნველყოფის მიზნით. საიამ გაუწია იურიდიული დახმარება ბოშათა თემის 12 წარმომადგენელს პირადობის მოწმობების ასაღებად დოკუმენტების მომზადებაში, სოციალური დახმარების მიღებაში, ქონების პრივატიზაციაში, ადგილობრივი მთავრობისთვის განცხადებებით მიმართვაში.
ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტები საქართველოში მცხოვრები ბოშათა ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებასთან ინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. მათი საშუალებით ხდება ბოშათა თემების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა, ძლიერდება პატივისცემა განსხვავებული კულტურისა და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების მიმართ და უმჯობესდება მოქალაქეებში კულტურული მრავალფეროვნების აღქმა.