გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

13.02.2012

1-3 თებერვალს, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” და ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით გაიმართა გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია.

გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალ უნიკალურ მექანიზმს, რომელიც 2008 წელს შეიქმნა.  მის ფარგლებში  გაეროს წევრი ქვეყნები ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ მდგომარეობას ოთხ წელიწადში ერთხელ განიხილავენ.  გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა ადამიანის უფლებების საბჭოს ახალი, ყველა ქვეყნის მიმართ თანაბარ მიდგომაზე დაფუძნებული, მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც ქვეყნებს აძლევს შესაძლებლობას, აწარმოონ ანგარიშგება ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების მხრივ გაწეულ საქმიანობაზე და არსებული გამოწვევების გადაჭრაზე.

„მოხარული ვარ, რომ ღია საზოგადოების ფონდმა და ფონდმა “ღია საზოგადოება საქართველომ” გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისადმი მიძღვნილ კონფერენციას გაუწიეს ორგანიზება. ამჟამად, გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტია, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ დონეზე.  აღნიშნული მექანიზმი სამოქალაქო საზოგადოებას და სახელმწიფოს ქვეყანაში არსებული ყველაზე მწვავე საკითხების გადასაჭრელად აერთიანებს, ამ საკითხების  საერთაშორისო მასშტაბით განხილვა კი ხელს უწყობს არსებული პრაქტიკისა და პროცედურების გაუმჯობესებას.  გარდა ამისა, უკიდურესად მნიშვნელოვანია ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმის განვითარებაში.  გამოცდილების გაზიარება და ამ პროცესზე საზოგადოების უფრო ინტენსიურად და საფუძვლიანად გათვითცნობიერება მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად და საერთაშორისო სტანდარტების და ღირებულებების დასანერგად”, – ამბობს თამარ ქალდანი, ფონდ  “ღია საზოგადოება საქართველოს” წარმომადგენელი.

თბილისში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და 90-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელი ექსპერტი, რომლებმაც, შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. ფართო პროცესი და გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის რეფორმა;
2. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეკომენდაციების შესრულების  შეფასება; შესრულების მონიტორინგი; რეკომენდაციების მომზადება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; აქვთ თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციებს რეკომენდაციების შესრულების შეფასების ეფექტიანი სისტემა?
3. სემინარები ადვოკატირების, კოალიციების შექმნის და საგრანტო განცხადებების შედგენის შესახებ.

კონფერენციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მასში მონაწილეობას იღებდნენ ისეთი ორგანიზაციები, რომელთაც გაეროს უნივერსალურ პერიოდულ მიმოხილვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ცოდნის განზოგადება და სხვადასხვა ჯგუფებში გავრცელება შეუძლიათ.