2014 წლის 7-8 ივლისს, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით, ნინო კიკნაძემ, ბაბუცა პატარაიამ (კავშირი „საფარი”) და თამარ დეკანოსიძემ (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ფონდის ფელოუ) მონაწილეობა მიიღეს გაეროს ქალთა მიმართ ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 58-ე სესიაში, ჟენევაში. სესიაზე საქართველომ სახელმწიფოს რიგით მე-4 და მე-5 კომბინირებული ანგარიში წარადგინა, რომელიც ქალთა უფლებების დარგში მიღწეულ პროგრესს ასახავდა. საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კომიტეტს ჩრდილოვანი ანგარიშები წარუდგინეს. თამარ დეკანოსიძემ და ბაბუცა პატარაიამ იმუშავეს ანგარიშზე, რომელიც საქართველოს ზიანის შემცირების ქსელმა წარადგინა და ქალ ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ ოჯახში ძალადობას და მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის ხელმისაწვდომობას ეხებოდა. კომიტეტის სესიაში ასევე მონაწილებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების – საქართველოს ზიანის შემცირების ქსელი, ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელი, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ჰერა XXI – წამომადგენლები.
ჩრდილოვან ანგარიშზე მუშაობასთან ერთად, ბაბუცა პატარაიამ და თამარ დეკანოსიძემ მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებთან არასამთავრობო ორგანიზაციათა ბრიფინგში, საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის კომიტეტის მიერ მოსმენის სესიაში და პირადად შეხვდნენ კომიტეტის წევრებს საქართველოში ქალთა უფლებების პრობლემური საკითხების განსახილველად. გარდა ჩრდილოვან ანგარიშში ასახული საკითხებისა, სესიის მსვლელობის დროს, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, თამარ დეკანოსიძემ და ბაბუცა პატარაიამ მოამზადეს რეკომენდაციები და ფაქტები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის, ბავშვთა ქორწინების, LBT ქალების, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ქალთა გაძლიერების ეროვნული მექანიზმის შესახებ.
18 ივნისს, მთავრობის დელეგაციის მოსმენისა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის საფუძველზე, კომიტეტმა დასკვნითი მოსაზრებები გამოაქვეყნა. დასკვნით მოსაზრებებში კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მასშტაბით ჩაატაროს კვლევა ნარკოტიკების მომხმარებელი ქალების, მათ შორის ორსულების, რაოდენობის დასადგენად. კომიტეტი ასევე ურჩევს მთავრობას უზრუნველყოს გენდერულად სენსიტიური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული წამალდამოკიდებულების მკურნალობის სერვისები, რაც ასევე მოიცავს ზიანის შემცირების პროგრამებების ამოქმედებას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.
გარდა ნარკოტიკების მომხმარებელ ქალთა უფლებებისა, კომიტეტმა სახელმწიფოს მიმართ რეკომენდაციებში ასევე ასახა ყველა ის საკითხი, რომლებიც ბაბუცა პატარაიამ და თამარ დეკანოსიძემ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, კომიტეტის მუშაობის დროს მოამზადეს. ეს საკითხები ასევე მოიცავს პრიორიტეტულ რეკომენდაციებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის თაობაზე, რომელთა შესახებაც საქართველოს ხელისუფლებას გაეროს კომიტეტისთვის ინფორმაციის მიწოდება ორი წლის შემდგომ ევალება.
დასკვნით რეკომენდაციები გამოყენებული იქნება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სტრატეგიული სამართალწარმოების, ადვოკატირებასა და თემატური კვლევებისთვის.