1 ივნისს ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პრესკონფერენცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში” ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით გაიმართა.
ცენტრის თანამშრომლებმა გააკეთეს განცხადება თანამდებობის დატოვების მოტივებზე და არსებულ ვითარებაზე.
აქვე უცვლელად გთავაზობთ პრესკონფერენციაზე გავრცელებულ განცხადებას:
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების
განცხადება
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთხელ უკვე მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მომდევნო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა და გავრცელებულმა, ხშირ შემთხვევებში არაობიექტურმა, ინფორმაციამ კიდევ ერთი განმარტების აუცილებლობა დაგვანახა.
სამსახურის დატოვება იყო ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება და პასუხი მინისტრის სრულიად დაუსაბუთებელ და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაზე, მის პოლიტიკასა და ქმედებებზე.
ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება რაიმე სახის პოლიტიკურ მოსაზრებებს. ჩვენთვის შეურაცხმყოფელი იქნება ამ ნაბიჯს მიღმა პოლიტიკური მოტივების ძიება.
თავს უფლებას მივცემთ აღვნიშნოთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი მუდმივად ემსახურებოდა სამართლიანობას და ობიექტურობას, ჰქმნიდა კორუფციისგან თავისუფალ სისტემას. როგორც ჩანს, ამ პრინციპებთან შეუთავსებელი აღმოჩნდა მინისტრის პოლიტიკა. ამის დასტურია მისი მცდელობები, უხეშად ჩარეულიყო ცენტრის მუშაობაში. სწორედ ასეთ ფაქტებს ეწინააღმდეგებოდა კატეგორიულად გამოცდების ეროვნული ცენტრი და მისი ხელმძღვანელი. ამის კარგი მაგალითია სამინისტროს მიერ ცენტრისთვის მიწოდებული ცვლილებების პროექტი, რომელიც კომისიას აპელაციების შედეგების გადახედვის უფლებას აძლევდა ნაშრომებზე სახელისა და გვარის ღიად მითითებით. ალბათ ცხადია, რომ ასეთი ცვლილება, რომელიც ნაშრომთა ანონიმურობის პრინციპს ეწინააღმდეგება, მარტივად იძლევა ქულებით გამიზნულად მანიპულირების შესაძლებლობას. ცვლილებების ამ პროექტს კატეგორიულად არ დაეთანხმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმონოშვილი და მთელი კოლექტივი. სავარაუდოა, რომ ეს გარემოება გახდა მინისტრის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი.
ჩვენ დავრჩით საჯარო სივრცეში, მაგრამ საჯარო სამსახურს გარეთ. სანაცვლოდ, ახლა უკვე შეგვიძლია სამინისტროსთან განათლების პოლიტიკის საკითხებზე დისკუსია როგორც თანასწორს და არა როგორც დაქვემდებარებულს.
გარწმუნებთ, რომ ჩვენ, ისევე როგორც ქალბატონი მაია მიმინოშვილი, ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებულები ერთიანი ეროვნული გამოცდების შეუფერხებლად ჩატარებაში. ეს არის საქმე, რომელსაც ბევრი ენერგია შევალიეთ სამსახურის დატოვების შემდეგაც მზად ვართ ხელი შევუწყოთ გამოცდების უხარვეზოდ ჩატარებას.
ამასთან, გვსურს საერთშაორისო და უფლებადამცველი ორგანიზაციების ყურადღება მივაპყროთ იმ გარემოებას, რომ სამსახურიდან წამოსულ თანამშრომლებზე ხორციელდება ზეწოლა, დაშინება. მივიჩნევთ, რომ განსაკუთრებული რისკებისა და საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი. სწორედ ამიტომ ვითხოვთ უფლებადამცველი ორგანიზაციების მხარდაჭერას.
და ბოლოს, კატეგორიულად მოვითხოვთ, სასწრაფოდ და საჯარო წესით განემარტოს საზოგადოებას, რა აუცილებლობით იყო გამოწვეული მინისტრის მოუმზადებელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. რატომ გაატარა ფუნდამენტური საკადრო ცვლილება ზუსტად გამოცდების მსვლელობის დროს, 28 მაისს?”