წყარო: „საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის” განცხადება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები განათლების სფეროში აქტიურ მოღვაწეობას არასამთავრობო ორგანიზაციის ფორმატში გააგრძელებენ.
ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა, მაია მიმინოშვილის ხელმძღვანელობით „საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია” დაარსეს. ორგანიზაციის პრეზენტაცია 2012 წლის 28 ივნისს, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში გაიმართა.
ასოციაციის ძირითადი მიზანია, კვლევების საფუძველზე სიღრმისეულად შეისწავლოს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში არსებული ტენდენციები და განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციები შეიმუშაოს. ასოციაცია ხელს შეუწყობს წარმატებული საგანამანთლებლო სისტემების შესწავლასა და ამ გამოცდილების გაზიარებას; საგანმანათლებლო ორგანიზაციებს მიაწვდის მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობაზე ორიენტირებულ რეკომენდაციებს. ასოციაციის ერთ-ერთი მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობას განათლების სისიტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ასოციაციის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია:
• სამეცნიერო-საგანმანათლებლო კვლევები სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი განათლების საფეხურებზე;
• საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა; საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების შედეგების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
• განათლების სფეროში არსებული უახლესი ლიტერატურისა და ინტერნეტ რესურსების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა;
• პედაგოგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება;
• განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის ხელშეწყობა; საგანმანათლებლო მასალებისა და რეკომენდაციების მომზადება და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება;
• ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საფუძველზე ახალი სადიაგნოსტიკო მეთოდოლოგიების (საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიური) მოძიება, ადაპტაცია და დანერგვის ხელშეწყობა.
„საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია” საკუთარ საქმიანობას საერთაშორისო დონორ ორგანიზაცების მხარდაჭერით განახორციელებს. ასოციაციის პრეზიდენტია მაია მიმინოშვილი. საჯარო რეესტრის სააგენტომ ასოციაცია 25 ივნისს დაარეგისტრირა.
მედია ამ თემაზე:
მიმინოშვილის ახალი ორგანიზაცია განათლების სამინისტროს რეკომენდაციებს მიაწვდის– ნეტგაზეთი, 28, 2012
მიმინოშვილის ორგანიზაცია განათლების სამინისტროს ოპონირებას გაუწევს– ინტერნეტჟურნალი “ლიბერალი”, 28 ივნისი, 2012