განახლებული opendata.ge-ის პრეზენტაცია

28.02.2014

27 თებერვლიდან ფუნქციონირება დაიწყო განახლებულმა opendata.ge -მ –  საჯარო ინფორმაციის ყველაზე მოცულობითმა ონლაინ რესურსბაზამ საქართველოში.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” ინიციატივით, opendata.ge გარდაიქმნა საჯარო ინფორმაციაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთაინ პორტალად და იგი გააერთიანებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა (TI-G) და ასოციაცია “მწვანე ალტერნატივას” მიერ მოთხოვნილ და მოპოვებულ საჯარო ინფორმაციას.

პორტალის მიზანია გააუმჯობესოს სახელმწიფოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი.

opendata.ge მარტივი, თანამედროვე და მეგობრული ნავიგაციის საშუალებით მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას, როგორ მუშაობენ საჯარო დაწესებულები, როგორ ხარჯავენ სახელმწიფო ბიუჯეტს, რა პროგრამებს ახორციელებენ, ასევე თანამდებობის პირთა საქმიანობის და მათი შემოსავლების შესახებ.

პორტალის განახლებაზე იმუშავა საერთაშორისო ორგანიზაცია “ჰურიდოქსმა,” რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციებს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში ეხმარება.

პრეზენტაციაზე ორგანიზაცია “ჰურიდოქსის” წარმომადგენლებმა საზოგადოებას გააცნეს ახალი პორტალის მუშაობის პრინციპები, როგორ უნდა მოიძიონ ინფორმაცია, როგორ ადევნონ თვალი ინფორმაციის გამოთხოვის პროცესს.

პრეზენტაციაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ opendata.ge მნიშვნელოვანი რესურსია ჟურნალისტებისთვის და ის დიდ როლს შეასრულებს საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებაში.

პრეზენტაციაში მონაწილეობდა რუსუდან მიქელიძე, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს პორტალი ხელისუფლებისთვისაც მნიშვნელოვანი რესურსია.

opendata.ge  2010 წელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა  (IDFI) ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით შექმნა. შექმნის დღიდან, პორტალმა გააერთიანა 110 ათასზე მეტი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. opendata.ge-ზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ხშირად გამხდარა საზოგადოების და პოლიტიკოსების განხილვის თემა, მაგალითად, პორტალზე სისტემატურად გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ პრემიების გაცემის წესის შესახებ, შეცვალა პოლიტიკურ თანამდებობის პირთა ანაზღაურებისა და პრემირების წესი.

 

იხილეთ მედია ღონისძიების შესახებ