გელა ჯინჭარაძის პასტელური ექსპრესია

12.03.2010

The Painter-Gela Jincharadzeპასტელური ექსპრესია – ეს იმ გამოფენის სახელწოდებაა, რომელიც 12 მარტს “ღია გალერეაში” გაიხსნა. ნამუშევრების ავტორი კი გელა ჯინჭარაძეა.

მხატვრის შემოქმედებაში არამკვეთრი ფერებით შესრულებული სახეები და შთამბეჭდავი, ემოციური პორტრეტები სჭარბობს. შტრიხებით ხატვა მისი ხელწერაა. რამდენიმე ნახატი ჩინურ-იაპონური ფერწერის ტექნიკით არის შესრულებული. ნამუშევრები მძაფრად გადმოსცემს მხატვრის ემოციებსა და განცდებს. კომპოზიციების ძირითადი თემა სიმარტოვე, სევდა და შიშია. თუმცა, ზოგიერთ მათგანში იმედით აღსავსე განწყობაც იგრძნობა.

ისევე, როგორც კომპოზიციები, სახელწოდებებიც ორიგინალურია: ყველა ფერი-არა ფერზე… ცხოვრების ეული კუთხე…რეალობიდან გაქცევის მცდელობა…

ავტორი ძირითადად ავტოპორტრეტებს ხატავს, რომელიც სხვადასხვა განწყობებს გამოხატავს. “მე ერთი არ ვარ. არც ვიცი ზუსტად, რამდენი ვარ. ყველანაირი ვარ, როდის როგორ…”-ამბობს მხატვარი.

გელა ჯინჭარაძე ფსიქიატრიის ინსტიტუტის კლინიკასთან არსებული არტ-თერაპიის განყოფილების პაციენტია. საქართველოში მისი ოცამდე პერსონალური გამოფენა მოეწყო. გარდა ამისა, მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში ფსიქიკური პრობლემების მქონე სხვა პაციენტებთან ერთად ევროპის ქვეყნებში.

გელა ჯინჭარაძის შემოქმედებამ აღიარება საზღვარგარეთაც ჰპოვა . შვეიცარიის მუზეუმში მხატვრის ათამდე ნამუშევარი ინახება.

გამოფენა 27 მარტამდე გაგრძელდება.

 ###