11 მარტს, ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში ორგანიზაციამ ”უფლება ჯანმრთელობაზე” ახალი წიგნი გზამკვლევი პაციენტებისათვის “ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა” წარმოადგინა.
გამოცემაზე იურისტები, სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლები და ექიმები მუშაობდნენ. გზამკვლევში ასახულია საკითხები, რომელიც უკავშირდება პაციენტის, მისი ნათესავების ან კანონიერი წარმომადგენლის უფლებებსა და ვალდებულებებს. გზამკვლევში განმარტებულია როგორც იურიდიული, ისე სამედიცინო ტერმინები,რომლებიც ხშირად რიგითი პაციენტისათვის რთული მოსაძიებელი და აღსაქმელია. განმარტებულია სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის პირობები და მოცემულია იმ მუხლების კომენტარი, რომელთა დარღვევაც იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის დადგომას.
წიგნში განხილულია ის საკვანძო საკითხები, რომელთა ცოდნაც პაციენტებს სადაზღვეო კომპანიასთან ხელშკრულების გაფორმებისას გამოადგებათ. გზამკვლევი იმითაცაა გამორჩეული, რომ მას თან ერთვის ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების სფეროში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების შესახებ.
“ვფიქრობთ, გზამკვლევი საინტერესო იქნება როგორც პაციენტებისთვის, ასევე სამედიცინო პერსონალისთვის და ყველა დაინტერესებული პირისათვის. წიგნში განხილული საკითხები დაეხმარება მკითხველს თავისი უფლებების უკეთ გაცნობიერებაში და ამ უფლებების რეალიზაციაში”- აღნიშნავენ გამომცემლები.
გზამკვლევი მომზადებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის “კანონის და ჯანმრთელობის” ინიციატივის მხარდაჭერით.