დევნილთათვის კოტეჯური ტიპის დასახლებების მშენებლობის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია

26.04.2010

27 აპრილს, 11 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”  გაიმართება მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია: „კოტეჯური ტიპის დასახლებები ახალი დევნილებისთვის საქართველოში: ანგარიშვალდებულება დახმარებისა და მშენებლობის პროცესში“. 

ანგარიში ასახავს თუ როგორ მიმდინარეობდა საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის ომის შედეგად დევნილი მოსახლეობისთვის კოტეჯური ტიპის დასახლებების მშენებლობის პროცესი. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს მშენებლობის ხარისხზე, რომელიც რამდენიმე დამოუკიდებელმა ინჟინერმა შეაფასა, ასევე, მშენებლობაზე პასუხისმგებელ უწყებებზე, გაწეულ ხარჯებზე და ხელისუფლების მხრიდან მშენებლობის პროცესის ზედამხვედველობასა და ამ კუთხით მის ანგარიშვალდებულებაზე.

დასკვნით ნაწილში ხელისუფლებასა და დონორებს ვთავაზობთ რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაითვალისწინონ 1990-იანი წლების დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის.

ანგარიში მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით, „გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის” კოალიციის (TFAG) საქმიანობის ფარგლებში.