19 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერილი პროექტის „დემოკრატიული ღირებულებები ქართულ ფოლკლორსა და ლიტერატურაში” შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება.
პროექტი ხორციელდებოდა თსუ-ს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ბაზაზე, ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ. პროექტი მიზნად ისახავდა ქართულ მწერლობასა და ხალხურ სიტყვიერებაში არსებული დემოკრატიული ღირებულებების (რელიგიური და ეთნიკური შემწყნარებლობა, სოციალური და გენდერული თანასწორობა, აზროვნებისა და სიტყვის თავისუფლება და სხვ.) წარმოჩენას.
ხანგრძლივი კვლევის შედეგად, პროექტის ავტორებმა მოამზადეს ანთოლოგია, რომელიც მოიცავს ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველას, იაკობ გოგებაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, მიხეილ ჯავახიშვილისა და სხვა ქართველი კლასიკოსი მწერლების ტექსტებს ქალთა ემანსიპაციაზე, სოციალურად დაუცველთა უფლებებზე, სეკულარიზაციაზე, ინდივიდის უზენაესობაზე, არჩევანის თავისუფლებასა და სხვა აქტუალურ პრობლემებზე. ანთოლოგია მნიშვნელოვანი მონაპოვარია მათთვის, ვინც დაინტერესებულია, დემოკრატიული ღირებულებები ქართული კულტურის კონტექსტში გაიაზროს.
ღონისძიებაზევე მოხდა თსუ-ს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგოგებისათვის გამოცხადებული კონკურსის 4 გამარჯვებული პედაგოგის დაჯილდოება. აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, პედაგოგებმა მოამზადეს სასწავლო პროექტები, რომელთა საშუალებითაც მოხდა ქართული ლიტერატურის სწავლება თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების ფასეულობათა კონტექსტში და ხელი შეეწყო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების ფასეულობათა პოპულარიზაციას.
პროექტისა და წიგნის პრეზენტაციას დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ექსპერტები განათლების საკითხებში, უფლებათა დამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მწერლები.
წიგნი ინახება ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ბიბლიოთეკაში.