12 ოქტომბერს ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში გაიმართა პუბლიკაციის “დემოკრატიული ღირებულებების ნაკვალევზე საქართველოში” პრეზენტაცია.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შემდგარმა მკვლევართა ჯგუფმა კრებულზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო პროექტის “ქართული დემოკრატია: მითი თუ რეალობა” ფარგლებში. მათ ქართული კულტურის სხვადასხვა სფეროებში მოიძიეს მასალა, რომელიც საზოგადოებაში ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებების უდიდეს მნიშვნელობაზე მიუთითებს მე-19 საუკუნიდან დღემდე.
“ეს კრებული წელიწადნახევრიანი მუშაობის შედეგია. ჩვენი მიზანი იყო გვენახა, რამდენად თავსებადია დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურასთან. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, შევეცადეთ, ქართული კულტურის სხვადასხვა შრეებში აღმოგვეჩინა დემოკრატიული ღირებულებების ნაკვალევი. კრებულში შედის 12 ავტორის სტატია, რომელშიც გაანალიზებულია ლიტერატურა და პროზა, სამართალი, ადათ-წესები, კინო, თეატრალური ხელოვნება და სხვა. კონკრეტულად ჩემი სტატია ეხება პოლემიკებს, რომელიც მე-19 საუკუნეში ქართულ პრესაში იმართებოდა დემოკრატიულ ღირებულებებთან, ჰუმანიზმთან, ლიბერალიზმთან დაკავშირებით. ჩემდა გასაკვირად, აღმოვაჩინე ბევრი ადამიანი, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ დემოკრატიული ღირებულებების დანერგვასა და პოპულარიზაციაში საქართველოში, ჩვენ კი ამაზე დღემდე წარმოდგენა არ გვქონდა…”- ამბობს ლელა გაფრინდაშვილი, კრებულის კონცეფციის ავტორი და რედაქტორი, კავშირის “ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის” თავმჯდომარე.
კრებული გამოიცა ინოვაციური კონკურსის “დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში” ფარგლებში, რომელიც 2009 წლის ბოლოს გამოცხადდა. კონკურსის შედეგად დაფინანსდა ექვსი პროექტი. პროექტები მიზნად ისახავდა დემოკრატიული ღირებულებების წარმოჩენას, რომელსაც ქართულ კლასიკურ თუ ხალხურ ლიტერატურაში, ისტორიოგრაფიულ ნაწარმოებებში, სამართლის ძეგლებში, ეთნოგრაფიულ ტრადიციებში, საზოგადო მოღვაწეების წერილებსა და სხვა მასალებში ვხვდებით. საკითხისადმი თითოეულის მიდგომა მრავალფეროვანი იყო: კვლევების ჩატარება, მასალების მოძიება და გავრცელება სხვადასხვა არხების, მათ შორის პოპულარული სოციალური ქსელების, ბლოგების, რადიოს, ტელევიზიის მეშვეობით.
რედაქტორის წინაწიტყვაობა:
20-ე საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ტრანსფორმაციას თან ახლავს სერიოზული სიძნელეები, რაც სამოქალაქო დაპირისპირებასა და სახელისუფლებო კრიზისის სახით ვლინდება.
ამ პროცესზე ზედაპირული დაკვირვებითაც კი აღმოვაჩენთ, რომ ერთი მხრივ არსებობს დემოკრატიული ღირებულებებისადმი დეკლარირებული ერთგულება და მეორე მხრივ – ამ ღირებულებათა რეალობაში: ხელისუფლებასა და მოქალაქეთა ცხოვრებაში დამკვიდრების დეფიციტი.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რა არის დეკლარირებულ და რეალურ დემოკრატიებს შორის ასეთი მკვეთრი განსხვავების მიზეზი? ეს არის საკითხი, რომლის გარკვევა ფუნდამენტურია ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარების გზაზე და გულისხმობს ქართული კულტურის ყველა სფეროსა და შრის თავისებურებათა წაკითხვას სწორედ დემოკრატიულ ღირებულებათა შუქზე.
სწორედ ასეთი სამუშაოს შესრულება დავისახე მიზნად, როცა პროექტზე “ქართული დემოკრატია: მითი თუ რეალობა” მუშაობა დავიწყე. ჩემი იდეის განხორციელებაში მხარი დამიჭირა მკვლევართა ჯგუფმა, რომლის თითოეულ წევრს ამგვარი სამუშაოს შესრულების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. შევთანხმდით, რომ ჩვენი მიზნის მისაღწევად აუცილებელია კრიტიკული, სკეპტიკური რეფლექსია და დემოკრატიული ღირებულებების კვალის მოძიება/აღმოჩენა ქართული კულტურის სხვადასხვა სფეროებში/შრეებში: საერო სამართალი (ანა ნაცვლიშვილი), ადათ-წესობრივი სამართალი (გიორგი დავითაშვილი) , ფილოსოფია ( კახა კაციტაძე, ლერი მჭედლიშვილი), ლიტერატურა და პოეზია (შოთა იათაშვილი), კინო (თეო ხატიაშვილი), თეატრალური ხელოვნება (ფიქრია ყუშიტაშვილი), პუბლიცისტიკა და პოლემიკა (ლელა გაფრინდაშვილი), ეკონომიკა და სავაჭრო ურთიერთობები (ნონა კუპრეიშვილი), რელიგიური აზრი და მართლმადიდებლური ეკლესია (ნუგზარ პაპუაშვილი), საქართველო ევროპელ მოგზაურთა თვალით (ლევან ბრეგაძე), ქართული ემიგრაციის მიერ დანახული ევროპა და დემოკრატიული ღირებულებები (მარიამ მარჯანიშვილი).
განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა ავტორის მიმართ, რომელთა მიერ ჩატარებული ანალიტიკური სამუშაო და მათი სტატიები მრავალ ადამიანს შთააგონებს, ახალი ძიებებისა და კვლევების ჩასატარებლად განაწყობს.
მადლობას ვუხდი ფონდს “ღია საზოგადოება – საქართველო”. სწორედ მისი მხარდაჭერით გახადა შესაძლებელი პროექტით გათვალისწინებული კვლევა და წიგნის “დემოკრატიული ღირებულებების ნაკვალევზე საქართველოში” გამოცემა.
ლელა გაფრინდაშვილი
პუბლიკაცია იკითხეთ ფონდის ბიბლიოთეკაში.