
შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრა ფონდის წარმომადგენელმა გახსნა, რომელმაც ისაუბრა პროექტის მიზნებზე და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის მნიშვნელობაზე.
პრეზენტაციის დასაწყისში განათლების პოლიტიკის, დაგეგმვმის, და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ წარმოდგენილი კვლევები წარმოადგენდა სიტუაციურ ანალიზს, და რეკომენდაციებს სფეროს სტრატეგიული განვითარებისათვის, და არა თვით სტრატეგიულ გეგმას.
ექსპერტებმა ისაუბრეს ჩატარებული კვლევების შედეგებსა და წარადგინეს რეკომენდაციები შემდეგი სტრატეგიული მიმართულებების მიხედვით:
უნივერსიტეტების ავტონომია და აკადემიური თავისუფლება
უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაფინანსება და ფინანსური მართვა
სწავლებისა და კვლევის ინტეგრაცია
უმაღლესი განათლება და დასაქმება
ხარისხის უზრუნველყოფა.
პრეზენტაციების დასრულების შემდეგ გაიმართა ცხარე დისკუსია. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები დაინტერესდნენ ექსპერტების ხედვით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა, მისაღები გამოცდების არსებული სისტემის დახვეწა, უნივერსიტეტების დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია, ხელფასებთან და ქონების განკარგვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაუმჯობესება, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია, კვლევის უნარების განვითარება ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებში, სტუდენტების უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის შესაძლო მექანიზმები.

მსგავსი დისკუსიები უკვე ჩატარდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსისტეტში.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.