ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება

23.10.2013

 

2013 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოსა და სომხეთის ღია საზოგადოების ფონდებმა  წარმოადგინეს ანგარიში, რომელშიც შეფასებულია ბოლო წლის მანძილზე ევროკავშირთან დაახლოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და არსებული გამოწვევები. 

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ‘აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკით” გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც საქართველომ და სომხეთმა 2012 წლის მაისში მიიღეს. დოკუმენტი მოიცავს იმ რეფორმებს, რომელიც ორივე ქვეყნის მთავრობამ უნდა განახორციელოს 2013 წლის 28-29 ნოემბერს ვილნიუსში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე.

მოცემულ ანგარიშში მკვლევარები აფასებენ საგზაო რუკით დადგენილი ვალდებულებების მხოლოდ პოლიტიკურ ნაწილს. საუბარია შვიდ ძირითად სფეროზე: მედიის თავისუფლება, არჩევნები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კიბერუსაფრთხოება, საზღვრის მართვა და საგარეო პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სასამართლო რეფორმები. მონიტორინგის შედეგად, დოკუმენტით გაწერილი ვალდებულებების შესრულების დიდ ნაწილში პროგრესი შეინიშნება.

“მონიტორინგის შედეგების მიხედვით შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ საქართველო მზად არის ვილნიუსის სამიტისთვის და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებისთვის, მაგრამ ქვეყანაში ბევრი სერიოზული რეფორმაა განსახორციელებელი. მედიის თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ თავისუფლების ხარისხი გაიზარდა, თუმცა მედიის მიუკერძოებლობის საკითხი კვლავ აქტუალურია. სასამართლოს რაც შეეხება, გარკვეულწილად გაიზარდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი, თუმცა ჯერ კიდევ პრობლემებია ფინანსური თვალსაზრისით. მთავარია, რომ არსებობს გზა პრობლემების მოგვარებისთვის, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების პარაფირებისთვის მზად ვართ, თუმცა ამის შემდეგ კვლავ გრძელი გზა გვექნება გასავლელი”- განაცხადა ხუციშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, კონფერენციას ესწრებოდნენ ალექსი პეტრიაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, გუნარ ვიგანდი, ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის დირექტორი და ფილიპ დიმიტროვი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

ალექსი პეტრიაშვილის თქმით  “ევროკავშირში ინტეგრაციას საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს. ვილნიუსის სამიტში მონაწილეობა არის დასაწყისი იმ დიდი გზის, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ევროპულ ოჯახში.”

ღონისძიებაში  მონაწილეობდნენ მკვლევარები სომხეთიდან, რომლებმაც დეტალურად ისაუბრეს ევროინტეგრაციის კუთხით არსებულ იმ პრობლემებზე, რის წინაშეც სომხეთის რესპუბლიკა აღმოჩნდა.

მონიტორინგის შედეგები:

პროგრესი შეინიშნება მედიის თავისუფლების სფეროში. ყურადღება გამახვილებულია მედიაპლურალიზმზე, თუმცა აღნიშნულია ის გამოწვევები, რაც მიუკერძოებელ მედიას და სამომავლოდ დაგეგმილი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას ეხება. გეგმის მიხედვით, ციფრულ მაუწყებლობაზე საქართველო უნდა გადავიდეს 2015 წლისთვის. არსებული მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, ეს პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმით არის ასახული ის პროგრესი, რასაც ხელისუფლებამ მიაღწია საკანონმდებლო დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით. თუმცა რეფორმის განხორციელებისას მნიშვნელოვანი იქნება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე ხელისუფლებათა კონპეტენციების გამიჯვნა. ასევე ადგილობრივ დონეზე დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების განვითარება.

საზღვრის მართვის მხრივ აღნიშნულია ის წარმატება, რაც ინტეგრირებული საზღვრის მართვის სტრატეგიის განახლებას უკავშირდება, ასევე სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მოდერნიზება და ინფრასტრუქტურის განახლება. თუმცა მწვანე საზღვარზე არსებული ინფრასტრუქტურა ძალიან მძიმე მდგომარებაშია და საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ მათ გასაუმჯობესებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. კვლავ პრობლემად რჩება დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხის მოგვარება მეზობელ სახელმწიფოებთან.

რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, დოკუმენტში ნათქვამია, რომ სასამართლოში კვლავ პრობლემად რჩება მისი ფინანსური დამოუკიდებლობა. ასევე, არაეფექტურია მოსამართლეთა დაწინაურების სისტემა.

რეკომენდაციები:

  • კორუფციასთან ბრძოლა: იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს შემდგომი პროგრესი კორუფციასთან ბრძოლის გზაზე, ხელისუფლებამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს ანტიკორუფციული საბჭოს შესაძლებლობების გაძლიერება, გაუმჯობესებული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის მიღება და მონიტორინგისა და შეფასების სათანადო პროცედურების დამკვიდრება;
  • საჯარო სექტორში დასაქმებულთა თვითნებური გათავისუფლების (ფაქტების) პრევენციისა და საჯარო სექტორში კადრების შერჩევისას კონკურენტუნარიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით მიღებულ იქნას პრაქტიკული ზომები;
  • გაგრძელდეს 2014-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შემუშავების ინკლუზიური პროცესი; განახლებული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს შესაბამის სტანდარტებსა და წარმატების გაზომვად მაჩვენებლებს. სამოქმედო გემის განხორციელების ანგარიშები შემუშავებულ იქნას რეგულარულად;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები განხორციელებულ იქნას სრულად. აღნიშნული პროცესი ასევე უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციულ წარმოებაზე. სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას სასამართლოს მიენიჭოს გარკვეული უფლებამოსილება, რათა ეფექტურად შეძლოს ბალანსის დაცვა სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრეციულობის პრინციპსა და დაზარალებულთა უფლებებს შორის;
  • გაგრძელდეს საზღვრის ინტეგრირებული მართვის (IBM) სტრატეგიის განხორციელება. საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრატეგიის განახლებული სამოქმედო გეგმა დამტკიცებულ იქნას 2013 წლის ოქტომბრამდე და დაიწყოს საზღვრის ინტეგრირებული მართვის ახალი სტრატეგიის შემუშავება.

მკვლევარები თემების მიხედვით:

  • ძირითადი მიგნებები და კვლევის მეთოდოლოგია- კორნელი კაკაჩია, კვლევის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  • საარჩევნო გარემო- ლევან ნატროშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო
  • თავისუფალი მედია- ნანა საჯაია, მედია ანალიტიკოსი, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • ანტიკორუფციული პოლიტიკა- ერეკლე ურუშაძე- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

 

ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

ალექსი პეტრიაშვილის მიმართვა

გუნარ ვიგანდის მიმართვა