ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება

17.03.2011

15 მარტს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” და ექსპერტთა ჯგუფმა საზოგადოებას 2010 წლის ანგარიში “ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის ამოცანების შესრულება” წარუდგინეს.  პრეზენტაციას დაესწრნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

2006 წელს საქართველოს მთავრობამ ქვეყნის დასავლური განვითარების უზრუნველყოფისთვის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პასუხისმგებლობა აიღო. მას შემდეგ, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”, სხვა დონორ და საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად საქართველოსთვის ამ ვალდებულებების შესრულებას ადევნებს თვალს, აფასებს ამ მიმართულებით წინსვლას და წარმოქმნილ პრობლემებსა და ხარვეზებს.

მედიის დამოუკიდებლად ფუნქციონირება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისაკენ გადადგმული ნაბიჯები, უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და გარემოს დაცვა ის პრიორიტეტული თემებია, რომელიც ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” და ექპერტებმა (თამარ ხიდაშელი, რევაზ საყევარიშვილი, ნინო დანელია, თამარ პატარაია, მანანა ქოჩლაძე, მარიამ გაბედავა, ეკატერინე სირაძე-დელონე) მონიტორინგისთვის შეარჩიეს, გაანალიზეს და ანგარიშის სახით წარმოადგინეს.

“მართალია, ბოლო დროინდელი მოვლენების ფონზე განსაკუთრებული საზოგადოებრივი ყურადღების ქვეშ მედიის მდგომარეობა, კონსტიტუციური ცვლილებები, ეკონომიკური განვითარება, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით გადადგმული ნაბიჯები მოექცა, თუმცა ანგარიშში საუბარია სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების და გარემოს დაცვისა და კლიმატურ ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკის თაობაზეც”-ამბობს ქეთი ხუციშვილი, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი.

ანგარიშის თანახმად, პოლიტიკურ სისტემაში ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების განაწილების საკითხი კვლავ პრობლემად რჩება. პროგრესი არ შეინიშნება არც მედია გარემოს გაუმჯობესების კუთხით.

“მედია გარემოს შეფასების მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ თვალშისაცემია  მედიის მესაკუთრეთა გამჭვირვალობის და მედია ბაზარზე სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური ჩარევის საკითხი”-ამბობს მედიის ექპერტი ნინო დანელია.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის შეფასებით “ძალიან კარგია, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართულნი არიან მონიტორინგის პროცესში. ამ ანგარიშში დავინახე როგორც პრობლემები, ასევე პროგრესი, რაც სხვადასხვა მიმართულებით შეინიშნება” (მოისმინეთ აუდიო ჩანაწერი).

საკმაოდ კრიტიკული იყო საქართველოში საფრანგეთის ელჩის ერიკ ფურნიეს კომენტარი: „ გისმენთ და მთლიანად დეპრესიაში ვარ. თქვენი ანგარიშს თუ მოვუსმენთ ნიშნავს, რომ ევროპული კავშირის დახმარებას საქართველოსთვის არანაირი დადებითი შედეგი არ მოუტანია. პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა, მედია არ არის თავისუფალი, ადგილი აქვს უპატივცემულობას შრომის პროფესიული კავშირის მიმართ, ძალიან მცირეა პროგრესი ეკონომიკაში. ” (მოისმინეთ აუდიო ჩანაწერი). 

ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ხელმძღვნელის ქეთი ხუციშვილის თქმით ანგარიშში ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ ხარვეზებს, არამედ იმ გამოწვევების აღწერასაც, რომელიც საქართველოს წინაშე დგას  და რეფორმების ეფექტურობისათვის ბარიერად გვევლინება. “როგორც სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება პრობლემებსა და არსებულ გამოწვევებზე გავამახვილეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვალდებულებების შესრულების მხრივ  სახელმწიფოს წინსვლა არ აქვს”- განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

მონიტორინგის შედეგებს უკვე გაეცნენ (თებერვალი, 2011) ბრიუსელში ევროკომისიის, ევროპარლამენტის და ევროპის მასშტაბით მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

უფრო ვრცლად მონიტორინგის შედეგების შესახებ იხ. პრეს რელიზი.

იხ. ანგარიში ქართულ ენაზე/ინგლისურ ენაზე.

იხ. როგორ აშუქებს მედია ანგარიშის გამოქვეყნებას.

იხ. ფოტო გალერეა.