არჩევნების წინ საარჩევნო სუბიექტებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არა მარტო ელექტორატის პოლიტიკური სიმპათიების გაგება, არამედ იმის დადგენაც, თუ როგორია პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერთა პროფილი. რა არის მათი ღირებულებები, პიროვნული მახასიათებლები და მრწამსი, როგორ აფასებენ ისინი ქვეყნის განვითარებას, დემოკრატიას და ა.შ
საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის გამოკითხვის ანგარიში ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით 14 თებერვალს გამოქვეყნდა. ეს ანგარიში არის ნაწილი ფართომასშტაბიანი კვლევისა „თაობები და ღირებულებები”, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ თემებს ეხება.
„დღევანდელი გამოკითხვის შედეგები, რომელიც არის ერთერთი სეგმენტი კვლევისა „თაობები და ღირებულებები”, ეხება ელექტორატის დამოკიდებულებას პოლიტიკური ფიგურებისადმი. საინტერესოა ამ პოლიტიკური ფიგურების ელექტორატის პროფილი, ანუ რა ღირებულებები აქვთ ამა თუ იმ ფიგურის მხარდამჭერებს, არის თუ არა განსხვავება სხვადასხვა ფიგურების მხარდამჭერთა ღირებულებებს შორის. როგორ ხედავს ამა თუ იმ ფიგურის ელექტორატი საქართველოს განვითარებას, დემოკრატიას და მის მომავალს. ჩვენთვის, როგორც ფონდისთვის საინტერესოა არა ის, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭეს მხარს ამომრჩეველი, არამედ ის, რომ ერთი მხრივ, ამომრჩეველი იყოს ინფორმირებული, მეორე მხრივ, ყველა პოლიტიკურ პარტიას მიეცეს თანაბარი კონკურენტული საქმიანობის და პოლიტიკური ბრძოლის შესაძლებლობა”-ამბობს ქეთი ხუციშვილი, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი.
გამოკითხვები ჩატარდა 21 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე საქართველოს ყველა რეგიონში შემდეგი ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეებში: 18-24 წლის, 40-50 წლის, 60-70 წლის. გამოკითხულ იქნა 1058 ადამიანი. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის წარმომადგენლის ნანა სუმბაძის თქმით, ეს კვლევა იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ინტერვიუერებს გაუჭირდათ რესპონდენტების დათანხმება გამოკითხვაზე.
„გამოკითხვის სირთულეს წარმოადგენდა რესპონდენტთა ინტერვიუზე დათანხმება, განსაკუთრებით კი თბილისში, სადაც ინტერვიუერებს უბრალოდ კარს არ უღებდნენ”- ამბობს ნანა სუმბაძე.
კვლევის ანგარიშში განსხვავებული მახასიათებლების მქონე რესპონდენტები სხვადასხვა ჯგუფებში არიან გაერთიანებულნი. ანგარიშში, პირობითად, შემოტანილია ცნება სკეპტიკოსები- მოქალაქეები, რომლებიც კონკრეტულად არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობიან. უნდა აღნიშნოს, რომ პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები დიდი ოპტიმიზმით და საკუთარ თავში რწმენით გამოირჩევიან. ყველაზე ნაკლებად ეს თვისებები ივანიშვილის მომხრეებს ახასიათებთ. სკეპტიკოსებს კი შუალედური პოზიცია უკავიათ (ნახეთ ანგარიში, გვ.9- ღირებულებები, მრწამსები და პიროვნული თვისებები).
კვლევაში გაანალიზებულია ამომრჩევლის დემოგრაფიული პროფილი და ინტერესები პოლიტიკის მიმართ, ამომრჩევლის პოლიტიკური მდგომარეობა, დამოკიდებულება დემოკრატიის მიმართ. ღირებულებების ნაწილში ყურადღება გამახვილებულია ურთიერთობებზე, ცხოვრებისეულ ღირებულებებზე, რელიგიაზე და ა.შ.
კვლევის ავტორების აზრით, ამომრჩევლის პროფილის ცოდნა პოლიტიკურ სუბიექტებს კამპანიების ეფექტურად დაგეგმვაში დაეხმარება.
„ჩვენი გამოკითხვის მიზანი იყო, რომ ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, დარჩენილ 8 თვეში ეფექტურად დაეგეგმა კამპანია და გამოეყენებინა ის რესურსი, რომელიც მას გააჩნია ელექტორატში. სწორედ ამიტომ აღარ დაველოდეთ ძირითადი კვლევის გამოქვეყნებას და გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე, საზოგადოებისთვის ამ გამოკითხვის შედეგები გაგვეცნო. შეუძლებელია კამპანია გამოვიდეს წარმატებული, თუ არ იცი ვისთან გაქვს საქმე და არ იცი, ვინ არის შენი ელექტორატი.”-ამბობს ნანა სუმბაძე, საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი.
დემოგრაფიული თვალსაზრისით, ივანიშვილს უმეტესად ქალაქის მაცხოვრებლები ემხრობიან (61,9%). ივანიშვილის მხარდამჭერთა უმეტესობა საშუალო და პროფესიულ განათლებაზე უფრო მაღალი განათლების სტატუსით ხასიათდება (59,3%). ნაციონალური მოძრაობის მომხრეებთან შედარებით, ივანიშვილის მომხრეების უფრო დიდი ნაწილი იყენებს კომპიუტერს, ინტერნეტს და სოციალურ ქსელებს. ხშირად საუბრობს მეგობრებთან პოლიტიკაზე და ა.შ.
ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს შორის ჭარბობს სოფლის მოსახლეობა (65,7%). მხარდამჭერთა 47.4%-ს აქვს საშუალო და პროფესიულ განათლებაზე უფრო მაღალი განათლების სტატუსი.
მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, კითხვარში ერთი შეკითხვა დაემატა, რომელიც ეხებოდა პოლიტიკურ სიმპათიებს პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატთა მიმართ. რესპონდენტთა დიდმა ნაწილმა უარი თქვა პოლიტიკური სიმპატიის გამჟღავნებაზე. საკმაოდ დიდი აღმოჩნდა სკეპტიკოსთა წილი, მათი, ვინც არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ უჭერს მხარს. ეს ორი ჯგუფი გამოკითხულთა ნახევარზე ცოტა მეტია და ფაქტიურად, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერთა რეზერვს წარმოადგენს.
„იმის გამო, რომ იმ პერიოდში პარტიები არ იყვნენ ფორმირებულნი, შეკითხვა დავსვით შემდეგნაირად: ხვალ რომ ტარდებოდეს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა გამოკითხულთა დაახლოებით 50%-მა. აქედან 15%-მა თქვა, რომ ხმას არავის მისცემდა. ვფიქრობ, რომ ეს სასარგებლო ინფორმაციაა პოლიტიკური სუბიექტებისთვის, რადგან 50% არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ეს კი საკმაოდ დიდი რესურსია პოლიტიკური სუბიექტებისთვის, რომ საზოგადოების ეს ნაწილი მათი პოტენციური ამომრჩეველი იყოს”- ამბობს ნანა სუმბაძე.
საინტერესოა დემოკრატიის შეფასება ჯგუფების მიერ. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა დიდი ნაწილი (80.9%) დემოკრატიას მმართველობის საუკეთესო ფორმად მიიჩნევს. ყველაზე ნაკლებად ამ შეფასებას სკეპტიკოსები იზიარებენ (57%), თუმცა გამოკითხვის შემდგომი პასუხები ნაკლებად შეესატყვისება გაკეთებულ შეფასებებს.
„ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო დემოკრატიის შეფასება გამოკითხულთა მიერ. ძნელი სათქმელია, რას გულისხმობენ რესპონდენტები დემოკრატიაში. აშკარად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ჯგუფებიდან, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ყველაზე ნაკლებად, ხოლო სკეპტიკოსები ყველაზე მეტად ირჩევენ პასუხებს, რომლებიც დემოკრატიის საყოველთაოდ აღიარებულ მახასიათებლებს წარმოადგენს.”-აღნიშნავს ნანა სუმბაძე.