26-27 თებერვალს ქ. თელავში (სასტუმრო “რჩეული”) ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” საქართველოს „სოციალური მომსახურების სააგენტოსთან” თანამშრომლობით ჩაატარა ტრეინინგი მოსამართლეებისთვის “ბავშვზე ზრუნვა, დეინსტიტუციონალიზაცია და არსებული კანონმდებლობა”.
ორი დღის განმავლობაში 15 მოსამართლეს (საქართველოს უზენაესი სასამართლო, თბილისის სააპელაციო სასამართლო, თბილისის საქალაქო სასამართლო და რაიონული სასამართლოები) მიეცათ შესაძლებლობა ინტერაქტიულ რეჟიმში სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად ემსჯელათ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: შვილად აყვანა და გაშვილება, საქართველოში სოციალური დაცვის სფეროში გატარებული რეფორმები, დეინსტიტუციონალიზაცია, თანამედროვე მიდგომები ბავშვის აღზრდაში და სხვა.
ტრეინინგს უძღვებოდნენ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის და ბავშვზე ზრუნვის დეპარტამენტის თანამშრომლები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მორის წამალაშვილი და სოციალური სფეროს ექსპერტები.
სემინარის დროს მოსამართლეებს მიეცათ საშუალება, მიეღოთ ობიექტური ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე უშუალოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისაგან. დიდი ყურადღება დაეთმო სოციალური მომსახურების სააგენტოს (როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) მუშაობას, ბავშვთა გაშვილების პრევენციას და იმ საკანონმდებლო საკითხებს, რომლებიც დახვეწას საჭიროებენ.
„მნიშვნელოვანია ხაზგასმული იქნას ის გარემოება, რომ აღნიშნული სემინარი გამოირჩეოდა თავისი მაშტაბურობით და შინაარსობრივი მრავალფეროვნებით. ამასთანავე, ის წარმოადგენდა სააგენტოსა და სასამართლოების სასემინარო შეხვედრის პირველ შემთხვევას. სემინარისათვის დაგეგმილი ორი დღე ნაყოფიერად იქნა გამოყენებული, რა დროსაც განხილული იქნა მრავალი საჭირბოროტო საკითხი”, აღნიშნა ბიძინა ხარაზიშვილმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს სასამართლო საქმის წარმოების სამმართველოს უფროსმა.
ზემოაღნიშნული სემინარის პირველი დღე მოიცავდა თეორიულ კურსს სოციალური დაცვის თანამედროვე სისტემების და მათი განვითარების შესახებ. თემიდან გამომდინარე, პარალელები იქნა გავლებული საქართველოში არსებულ ვითარებასა და მახასიათებელ თავისებურებებზე. Pპირველი დღის მეორე ნაწილი სრულად მოიცვა საუბარმა ბავშვზე ზრუნვის რეფორმის ირგვლივ და წარმოდგენილი იქნა საქართველოში მოქმედი ბავშვზე ზრუნვის სერვისების ამომწურავი დახასიათება, რამაც მოსამართლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. მოსამართლეებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული სერვისების თეორიულ დახასიათებასა და ვიზუალურ მხარეს (ფოტო მასალითა და ვიდეო რგოლების საშუალებით).
“მომეწონა, რომ ჯერ ე.წ. სალექციო კურსით დავიწყეთ. დათო გზირიშვილმა შესანიშნავად მოახერხა შეექმნა ფონი დისკუსიისათვის, როგორც ზოგდად სოციალური დაცვის თემასა და საკითხებზე, ასევე კონკრეტულად ბავშვზე ზრუნვის, ბავშვთა დაცვის და მათი კეთილდღებოის საკითხებზე. პირველი ნაწილით თითქოს მოხდა ის, რომ მოსამართლეებმა არსებული პრობლემები ჩვენი, სამოქალაქო სექტორის თვალით დაინახეს. დასაწყისი გაამძაფრა ბიძინა ხარაზიშვილის (სოციალური მომსახურების სააგენტოს სასამართლო საქმის წარმოების სამმართველოს უფროსი) პრეზენტაციამ სადაც სახელმწიფო ბავშვთა კეთილდღეობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარადგინა და მხოლოდ ამის მერე გადავიდა კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც სასამართლო სისტემის და უფრო ზუსტად, მოსამართლეთა მონაწილეობას გულისხმობს.”-აღნიშნა ორგანიზაციის “Every Child” დირექტორმა, ანდრო დადიანმა.
სემინარის მეორე დღე გამორჩეული იყო სამართლებრივი ხასიათის დისკუსიების სიმრავლით, ვინაიდან იხილებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს უმნიშვნელოვანესი ფუნქციების (შვილად აყვანა და მეურვეობა/მზრუნველობა) მარეგულირებელი ნორმები.
მოცემული საკითხების ირგვლივ მონაწილეთა დაინტერესება გამოხატული იქნა მათი აქტიურობით, უამრავი საინტერესო კითხვითა და თანამშრომლობის ჭეშმარიტი სურვილით. მოსმენილ იქნა მოსამართლეთა შენიშვნები და რჩევები, რის საფუძველზეც დაინერგა კონკრეტული ღონისძიებები.
სემინარი დაასრულა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის (მორის წამალაშვილი) შემაჯამებელმა პრეზენტაციამ, რომლის შემდეგაც საინტერესო დისკუსია წარიმართა მოსამართლეებს, სამოქალაქო სექტორსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს შორის.
მოსამართლეთა და სააგენტოს თანამშრომელთა მხრიდან არაერთხელ გაესვა ხაზი მსგავსი შეხვედრების ორმხრივ დადებით ეფექტს და საჭიროებას. სემინარის არასამუშაო პერიოდებიც ეთმობოდა კამათსა და მსჯელობას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რა დროსაც თანხმდებოდა სამომავლო თანამშრომლობის გზები და ფორმები.
“რასაკვირველია პოზიტიურად უნდა შეფასდეს პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბება და გაღრმავება, რაც სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობის აუცილებელი წინაპირობაა და რითაც განსაკუთრებულად გამოირჩეოდა ეს ორდღიანი სემინარი. ამ შეხვედრამ დამანახა, რომ ბავშვზე ზრუნვა ერთნაირად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, როგორც სამოქალაქო სექტორისთვის, ისე სამთავრობო და სასამართლო მხარისთვის, მოსამართლეები უფრო მეტად კვალიფიციურნი არიან ვიდრე აქამდე მეგონა, სამოქალაქო სექტორი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვები არ გაშვილდნენ, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტო დაუღალავად შრომობს იმისთვის, რომ დაცული იქნას ბავშვთა უფლებები.”-აღნიშნა, შეხვედრის ორგანიზატორმა, ფონდის კანონი, მედია და ჯანმრთელობის ინიციატივის ხელმძღვანელმა, ნინო კიკნაძემ.
„თელავისკენ მიმავალი ვფიქრობდი როგორ ჩაივლიდა ეს ორი დღე. მოსამართლეებთან შეხება არასდროს მქონია და სულ ცუდი მესმოდა სასამართლოსა და მისი თანამშრომლების შესახებ. ვფიქრობდი ძალიან გაგვიჭირდებოდა იმის გადაცემა მათთვის თუ რაში მდგომარეობს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები და ასევე გაგვიჭირდებოდა იმის “გატანა” რომ მათი გათვალისწინება უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე სხვა დანარჩენისა.
აღფრთოვანებული ვიყავი მოსამართლეთა კომენტარებით და კითხვებით. ის რაზეც გზაში ვფიქრობდი აღარ იყო აქტუალური. მათ მსჯელობაში ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი არ იკარგებოდა. რამოდენიმეჯერ დავაპირე კომენტარის გაკეთება, მაგრამ ჩემს სათქმელს რომელიღაც სხვა მოსამართლე ამბობდა და მე მხოლოდ თავის დაკვრაღა მრჩებოდა.
მოკლედ ვიტყვი, რომ ძალიან დადებითი მუხტით დავბრუნდი და სურვილი გამიჩნდა, რომ კავშირები სასამართლო სისტემასთან მხოლოდ ვიწრო საგნობრივი კი აღარ იყოს, არამედ მუდმივი თანამშრომლობის რეჟიმში გადავიდეს. ამის სურვილი თავად მოსამართლეებშიც დავინახე”- ამბობს ანდრო დადიანი.