ეროვნული უმცირესობების პრობლემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციების საჭიროებები

20.12.2012

ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალური ინტეგრაცია ქართული დემოკრატიის განვითარების ერთერთ მწვავე პრობლემად რჩება. მიუხედავად  იმისა, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე არაერთი პროექტი თუ ინიციატიავა განხორციელებულა ამ მიმართულებით, მნიშვნელოვან  წინსვლა  უმცირესობათა  ინტეგრაციის და ჩართულობის თვალსაზრისით არ ფიქსირდება.

სახელმწიფო ენის არასათანადო დონეზე ცოდნა, რეგიონული იზოლაცია, სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემები, გარკვეული ჯგუფების მარგინალიზაცია, განათლებაზე ხელმისაწვდომობა, პოლიტიკური და სოციალური მონაწილეობა მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფებისათვის კულტურული და ლინგვისტური თვითმყოფადობის შენარჩუნების პრობლემები კვლავ

მნიშვნელოვან ხელისშემშლელ საკითხებს წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტი, რომ ეროვნული უმცირესობები ქვეყანაში საერთო მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ, სტატისტიკური მონაცემებით მათი რაოდენობა საერთო მოსახლეობის 16%-ია, რაც თავისთავად მეტყველებს ზემოჩამოთვლილი პრობლემების გადაუდებელი მოგვარების საჭიროებაზე.

19 დეკემბერს, ეთნოსთაშორისო თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკურმა ცენტრმა ახალი კვლევის  შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც შეფასებულია ეთნიკური უმცირესობათა სათემო ორგანიზაციების საჭიროებები.

კვლევაში ასახულია ეთნიკური უმცირესობების თემაზე მომუშავე ორგანიზაციების პრობლემები, შემოთავაზებულია რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაიზარდოს მათი ზეგავლენა საზოგადოებაზე და პირობებზე. 

კვლევის პროცესში ეთნოსთაშორისო თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკურმა ცენტრმა  შეაფასა 26 სათემო ორგანიზაციის მდგომარეობა, მათი საქმიანობის სუსტი და ძლიერი მხარეები და  საჭიროებები.  შეიმუშავა რეკომენდაციათა პაკეტი  სახელმწიფო  ინსტიტუტებისა და ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისთვის.

‘საქართველოში ეთნოსთა შორის  ჰარმონიული თანაცხოვრების  განვითარებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური ნების არსებობას.  ამ ურთიერთობების განვითარებაში ხელისუფლებამ უნდა განიხილოს სათემო ორგანიზაციები, როგორც პარტნიორები და მათთან აქტიური კონსულტაციების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილებები, რაშიც მას ეს კვლევა დაეხმარება’- ამბობს აგიტ მირზოევი, ეთნოსთაშორისო თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის დირექტორი.

პრეზენტაციას დაესწრებიან სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები, სათემო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტი განხორციელდა ფონდი ‘ღია საზოგადოება საქართვლოს’ ფინანსური მხარდაჭერით.

ნახეთ კვლევა სრულად.