წყარო: ვებგვერდი “ეს შენ გეხება”
17 მაისს კამპანიის „ეს შენ გეხება” ორგანიზატორმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები გააცნეს.
საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე, “ეს შენ გეხებას” წევრმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა გაავრცელეს მიმართვა პარლამენტისადმი, რომლითაც ისინი საკანონმდებლო ორგანოს საარჩევნო კანონმდებლობის გაჯანსაღებისაკენ მოუწოდებენ. მიმართვას უკვე 67 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია შეუერთდა. ხელმოწერები გრძელდება.
შეხვედრაზე საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებმა ისაუბრეს არსებული კანონმდებლობის ხარვეზებზე და წარმოადგინეს საკუთარი წინადადებები, რომელიც, მათი აზრით, უზრუნველყოფენ პროცედურების დახვეწას არჩევნების დღეს,მედიათანაბრობას საარჩევნო სუბიექტებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში, საერთო მაუწყებლების შეუფერხებელ გავრცელებას საკაბელო არხებით, მედია და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში.
###
კამპანიის „ეს შენ გეხება” მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა კამპანიის მეორე ეტაპი 7 მაისს დაიწყეს. კამპანია ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას „საარჩევნო კოდექსში” და მედიაგარემოს გაჯანსაღებას საარჩევნო პერიოდში. ამასთან დაკავშირებით, 7 მაისს, კამპანიის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი შეიტანეს. იმავე დღეს, საკანონმდებლო წინადადებები საქართველოს პარლამენტის ბიურომ განიხილა, რის შემდეგაც, საკანონმდებლო პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.
კამპანია “ეს შენ გეხება” ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით ხორციელდება.
ნახეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.
www.Palitratv.ge- 17.05.2012