‘ეს შენ გეხებას’ მონაწილეები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდებიან

11.06.2012

11 ივნისს, 17 საათზე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კამპანიის „ეს შენ გეხება” მონაწილე ორგანიზაციების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებებთან დაკავშირებით გაიმართება კანონპროექტთა ავტორების შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარესთან, პავლე კუბლაშვილთან.

კამპანიის „ეს შენ გეხება” მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა კამპანიის მეორე ეტაპი 7 მაისს დაიწყეს. კამპანია ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას „საარჩევნო კოდექსში” და მედიაგარემოს გაჯანსაღებას საარჩევნო პერიოდში. ამასთან დაკავშირებით, 7 მაისს, კამპანიის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი შეიტანეს. იმავე დღეს, საკანონმდებლო წინადადებები საქართველოს პარლამენტის ბიურომ განიხილა, რის შემდეგაც, საკანონმდებლო პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. მოლაპარაკების პირველი რაუნდი 24 მაისს შედგა.

8 ივნისს, სამოქალაქო მოძრაობა “ეს შენ გეხებას” მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტს ღია წერილი გაუგზავნეს. უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

წყარო: ვებგვერდი “ეს შენ გეხება”: “ბოლო ორი დღის განმავლობაში ტელეკომპანია „მე-9 არხის” გავრცელების შეზღუდვის და სამარშრუტო ტაქსებში რადიოსიგნალის გათიშვის შედეგად საქართველოს მოქალაქეებს ეზღუდებათ წვდომა საინფორმაციო წყაროებთან. მაშინაც კი, თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებებს, ზოგ შემთხვევაში გარკვეული სამართლებრივი საფუძველი შეიძლება მოეძებნოს, მიღებული შედეგი მრავალი არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციისა და მოქალაქის შეშფოთების საგანი გახდა.

ყოველივე ეს ხდება მაშინ, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებისა თუ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დღის წესრიგში განსაკუთრებული სიმწვავით დადგა მოსახლეობისთვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და პლურალისტური მედიის ხელშეწყობის საკითხი. ამას ადასტურებს საქართველოში ვიზიტისას აშშ სახელმწიფო მდივნის, ქალბატონი ჰილარი კლინტონის საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებაც „მედიის დამოუკიდებლობისა და ხელმისაწვდომობის” უზრუნველყოფის შესახებ; აგრეთვე, საქართველოში აშშ-ს ელჩის, ბატონი ჯონ ბასისა თუ სხვა ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები მოქალაქეთათვის განსხვავებული და თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობის აუცილებლობის თაობაზე.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პარლამენტში 7 მაისს კამპანიის – „ეს შენ გეხება” მონაწილე ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვნად სწორედ ე.წ. Must carry-ს და must offer-ის პრინციპების დანერგვა მიგვაჩნია. როგორც საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, ამ წინადადებების გაზიარება მოსახლეობისათვის სხვადასხვა ტელეარხებზე და მრავალფეროვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს და მოხსნის კითხვებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოსახლეობის ინფორმირებისა და მედია პლურალიზმის პრობლემების თაობაზე.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ამიტომ მოგიწოდებთ:

  • იმოქმედოთ საზოგადოების და ამომრჩეველთა ინტერესების გათვალისწინებით და არ დაუშვათ, რაიმე ფორმით შეიზღუდოს რომელიმე მედია საშუალების გავრცელება;
  • უახლოეს პერიოდში უზრუნველყოთ მედიის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში “must carry”-ს და “must offer”-ის პრინციპების დანერგვა; 
  • მაქსიმალურად გაითვალისწინოთ საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებები და რეკომენდაციები ქვეყანაში პლურალისტური მედიის აუცილებლობის თაობაზე.”