ეს შენ გეხება-პეტიცია არჩევნებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე

13.02.2012

2011 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში მიღებულმა კანონმდებლობამ, კერძოდ, პარლამენტის მიერ „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში, ასევე საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილმა ცვლილებებმა, მნიშვნელოვნად გააუარესეს წინასაარჩევნო გარემო. მიღებული ცვლილებები, თავისი არსით, კარდინალურად ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს საარჩევნო გარემოს და კანონმდებლობის გაუმჯებესების, ამ კუთხით დემოკრატიული პროცესების განვითარების თაობაზე.

მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები იურისტებისთვისაც კი ძალიან ბუნდოვანია, იძლევა ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას და არ უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს პოლიტიკური სუბიექტებისათვის. რაც ყველაზე მთავარია, ზედმეტად „გამკაცრებული” და გაუმართლებელი სანქციებით საფრთხე ექმნება რიგით ამომრჩეველს, ბიზნესისა თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

არჩევნებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედიასაშუალებების დიდი ნაწილი და ექსპერტები აუცილებლად მიიჩნევენ დღეს არსებული ვითარების გამოსწორების და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის გარკვეული ღონისძიებების განხორციელებას.

13 თებერვალს, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ ერთად დაიწყეს კამპანია „ეს შენ გეხება” და გაავრცელეს პეტიცია, რომელიც მოითხოვს არსებული კანონმდებლობის შეცვლას:

“არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ვაცნობიერებთ რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც:

1. ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას;
2. აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას;
3. მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს;
4. განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს – საქართველოს კონტროლის პალატას;
5. სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, მედიას;
6. აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას”-ნათქვამია პეტიციაში.”

შემოუერთდით კამპანიას FACEBOOK-ზე https://www.facebook.com/esshengexeba

მალე გაიხსნება კამპანიის ვებგვერდი www.ESSHENGEXEBA.ge