კამპანიის „ეს შენ გეხება” მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა დაიწყეს კამპანიის მეორე ეტაპი, რომელიც „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანას და საარჩევნო პერიოდში მედია გარემოს გაჯანსაღებას ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით, 7 მაისს, კამპანიის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი შეიტანეს.
საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს შემდეგი საკითხების მოგვარებას:
1. არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურის დახვეწა;
2. საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
3. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების რეგულირება;
4. საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისთვის მედია-თანაბრობის უზრუნველყოფა;
5. მაუწყებლობის ტრანზიტის, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებების განსაზღვრა და დარეგულირება.
7 მაისსვე, საკანონმდებლო წინადადებები საქართველოს პარლამენტის ბიურომ განიხილა, რის შემდეგაც, საკანონმდებლო პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.