ვიზის ლიბერალიზაციის პერსპექტივები

19.09.2013

ლაშა ტუღუშმა საკონსულოებში არსებულ ხარვეზებსა და პრობლემებზე ისაუბრა– საინფორმაციო სააგენტო ‘ინტერპრესნიუსი’

15:40 19-09-2013

ფონდმა “ევროპული ინიციატივა- ლიბერალური აკადემია თბილისი” შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა თემაზე “ვიზის ლიბერალიზაციის პერსპექტივები სამოქალაქო ჩართულობა და ადვოკატირება”. 
კვლევის პრეზენტაცია სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” მოეწყო. კვლევაში შესულია საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებისა და საკონსულოების ზოგადი მიმოხილვა, მათი ვებგვერდების შეფასება, სატელეფონო მომსახურება, ინფრასტრუქტურა და საინფორმაციო დაფები ადგილებზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ 2011-2012 წლებში საქართველოში გაცემული ვიზების სტატისტიკა საზოგადოების ინფორმირებულობა ევროკავშირთან ვიზების გამარტივების საკითხზე, ასევე ვიზის ფასილიტაციის ხელშეკრულებისა და ევროპის სავიზო კოდექსის ინპლემენტაცია. 
კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები და პრობლემები, რაც საკონსულოების მხრიდან ვიზის ფასილიტაციის ხელშეკრულებითა და ევროპის სავიზო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას უკავშირდება. 
ამასთან, საკონსულოებში ვიზების პროცედურების შესახებ ინფორმაციით უზრუნველყოფისა და საკონსულოს თანამშრომელთა მომსახურების ხარისხის შემოწმების მიზნით საელჩოებსა და საკონსულოებში განხორციელებული სატელეფონო ზარების შედეგად გაირკვა, რომ საკონსულოების უმრავლესობა ვიზის გაცემის პროცედურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ტელეფონით არ გასცემს.
კვლევის მიხედვით, საკონსულოების უმრავლესობაში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია რიგები, როგორც სავიზო განაცხადის შეტანისას, ისე პასპორტის გამოტანისას. რაც შეეხება საინფორმაციო დაფებს, ადგილზე 12-დან მხოლოდ 2 საკონსულოს საინფორმაციო დაფაზე არის მოცემული სრულყოფილი ინფორმაცია ვიზის ფასილიტაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ახალი რეგულაციების შესახებ. 
“ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით, არსებობს პროგრესი, მაგრამ არის ბევრი პრობლემა.
“ჩვენ ძირითადად პრობლემებზე გვქონდა საუბარი. არის იმ სახის პრობლემები, რომელიც ძალიან არსებითია საქართველოს მოქალაქისთვის. ბევრ საკონსულოში ინფორმაცია არ არის ქართულ ენაზე. ასევე არ არის ანკეტები ქართულ ენაზე. ხშირად მოქალაქეებს ფულის გადახდა არ ეკუთვნით, მაგრამ მათ მაინც ახდევინებენ თანხას. არსებობს რიგები, არ არის პირობები იმისათვის, რომ ადამიანებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. ძალიან ხშირად ისინი წვიმის, თოვლის ქვეშ ელოდებიან თავიანთ რიგს. ხშირად სტუდენტებს აქვთ პრობლემა, როდესაც მათ გაუგებარ დოკუმენტებს სთხოვენ”, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა. 
შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე. მისი თქმით, საგარეო უწყებისთვის აღნიშნული პრობლემები ცნობილია და უწყება მის აღმოსაფხვრელად მუშაობს.
“გარკვეულწილად ვეთანხმები პრობლემებს, რომლებიც დღეს ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ვმუშაობთ მათ დაძლევაზე”, – განაცხადა გიორგი ტაბატაძემ. 
პროექტი ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელდა. ანგარიშის პრეზენტაციას საქართველოს სამოქალაქო სექტორის, ხელისუფლების, მედიისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თვალსაჩინოების მიზნით, პრეზენტაციისას ნაჩვენები იყო ვიდეომასალა, სადაც საქართველოს მოქალაქეები საკონსულოებში არსებულ ხარვეზებზე და პრობლემებზე მიუთითებენ.