ვიზრუნოთ ერთად- ამ მოწოდებით პალიატიური მზრუნველობისა და ჰოსპისის საერთაშორისო დღე აღინიშნა

12.10.2010

ვიზრუნოთ ერთად- ამ დევიზით წელს მსოფლიოში პალიატიური მზრუნველობისა და ჰოსპისების მსოფლიო დღე აღინიშნა.

წელს, სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც ჩაერთო ამ საერთაშორისო ინიციატივაში და ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს”ძალისხმევითა და საქართველოს პირველი ლედის მხარდაჭერით ვასო აბაშიძის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრში 9 ოქტომბერს საქველმოქმედო აქცია გაიმართა. საღამო ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვით დაიწყო და კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ კამერული ანსამბლი “მუზა” (ფორტეპიანო – ზურაბ ხუციშვილი, ფლეიტა – ირაკლი ევსტაფიშვილი, ვიოლინო – ნინო კემულარია, გიტარა – ვაჟა კალანდაძე, სოპრანო – მეგი ჩიხრაძე), სოფო ხალვაში, ეკა მამალაძე და კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის სტიპენდიანტები – თამარ საკანდელიძე და ზურა გვანცელაძე.

პალიატიური მზუნველობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის მიზანი იყო ერთის მხრივ, საზოგადოების ინფორმირება პალიატიური მზრუნველობის შესახებ. მეორეს მხრივ, თანხების მოზიდვა თბილისში არსებული პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებების დასახმარებლად.

“ჩვენი დღევანდელი საღამო საქველმოქმედოა, რომლის მიზანია თანხების მოძიება თბილისში არსებული ორი ჰოსპისის დასახმარებლად. შემოსული თანხები ამ ორ დაწესებულებაზე გადანაწილდება და მომავალში უფრო მეტ პაციენტს ექნება პალიატიური მზრუნველობით მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა. “ვიზრუნოთ ერთად”- წლევანდელი მოწოდება ხაზს უსვამს, რომ ყველამ ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ბიზნეს კომპანიებმა, ხელისუფლებამ, რიგითმა მოქალაქეებმა თანაბრად უნდა გადავინაწილოთ განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა და დავეხმაროთ მათ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, იქნება ეს მატერიალური დახმარება, ფიზიკური მოვლა თუ სულიერი თანადგომის გაწევა,” აღნიშნა ქეთი ხუციშვილმა, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს სამედიცინო სფეროს, ბიზნეს სექტორის, საელჩოების, ხელისუფლების, ხელოვანთა წრის და მედიის წარმომადგენლებმაც. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე თანხის შეწირვით, გადარიცხვით ან ნახატების შეძენით დახმარებოდნენ ჰოსპისებს. მადლიერება გამოიხატა იმ კომპანიებისა და ადამიანების მიმართ, რომელთაც აქციამდე გაიღეს თანხა ჰოსპისების დასახმარებლად. განსაკუთრებით აღინიშნა კომპანია ”შინჰოფერი”, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გადარიცხა თანხა საქველმოქმედო ფონდში (5 000 ლარი).

ჰოსპისების დასახმარებელ საქველმოქმედო აქციაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ცნობილმა მხატვრებმა. ანტონ ბალანჩივაძემ, ედმონდ კალანდაძემ, ზურა გომელაურმა, ლევან ხარანაულმა, სანდრო ანთაძემ, მაკა ჯებირაშვილმა, თამუნა ბოჭორიშვილმა, გიორგი გაგოშიძემ, გიორგი ჯამბურიამ, სანდრო ანთაძემ და გიორგი დოლიძემ ნამუშევრები ფონდს უსასყიდლოდ და ძალიან დაბალ ფასად გადასცეს.

საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა რულუვსმა პალიატიურ მზრუნველობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. “პალიატიური მზრუნველობა საზოგადოებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ის ჩემს გულთან ძალიან ახლოს დგას. მე 7 თვის მანძილზე ვმუშაობდი პალიატიურ პაციენტებთან. ეს ძალიან მძიმე პერიოდი იყო, მაგრამ პაციენტებს და მათ ოჯახებს ძალიან სჭირდებათ ჩვენი დახმარება. პალიატიური მზრუნველობა არ გულისხმობს დაავადებულის განკურნებას. პალიატიური მზრუნველობა პაციენტების მიმართ ყურადღების, დახმარების, სულიერი თანადგომის გამოხატვაა. ამიტომ, პალიატიური პაციენტის დასახმარებლად სამედიცინო განათლება არ არის საჭირო.”

“პალიატიური მზრუნველობა საზოგადოებისგან აღიარებასა და დახმარებას საჭიროებს. მთელ მსოფლიოში, პალიატიური მზრუნველობა საზოგადოების აქტიური მონაწილეობით ხორციელდება-მატერიალურად, ადვოკატირების კუთხით, ფიზიკური დახმარებით. ხშირ შემთხვევაში ადამიანები მოხალისეებად მუშაობენ და ფიზიკურად ეხმარებიან მძიმე მდგომარეობაში მყოფთ”- აღნიშნა იოსებ აბესაძემ, ონკოპრევენციის ბაზაზე არსებული ჰოსპისის წარმომადგენელმა.

თბილისში დღეს 2 ჰოსპისი ფუნქციონირებს. ერთი- ონკოცენტრის ბაზაზე არსებული, მეორე კი ფერისცვალების დედათა მონასტერში, სადაც პაციენტებზე მონაზონი დედები ზრუნავენ და სულიერ თანადგომას უწევენ მათ. “ჩვენი ჰოსპისი იმით არის გამორჩეული, რომ არის ოჯახური ტიპის. ოჯახის წევრები გვყავს უძლურებაში და ვეხმარებით, რომ მოიპოვონ სულიერი სიმშვიდე და უკეთ იგრძნონ თავი”- ამბობს დედა პარასკევა.

პალიატიური მზრუნველობის დანერგვას საქართველოში პირველად 1999 წელს ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” და ღია საზოგადოების ინსტიტუტმა დაუჭირეს მხარი. ფონდის ხელშეწყობით და პირველი ლედის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელდა პალიატიური მზრუნველობის, როგორც სისტემის საფუძვლების შექმნა და პრაქტიკულად ამოქმედდა მედიცინის ეს მიმართულება. ინტენსიური მუშაობისა და ადვოკატირების შედეგად, 2007 წელს პალიატიურ მზრუნველობას მიეცა სამართლებრივი სახე, როგორც ცალკე დარგს და ცვლილებების სახით შევიდა კანონში “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”.

პალიატიური მზრუნველობის განვითარებას საქართველოში ხელს უწყობს პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაცია, დიმიტრი კორძაიას ხელმძღვანელობით. ეს ასოციაცია ფოკუსირებულია შიდსით დაავადებულ პაციენტებზე. გარდა ჰოსპისებისა, არსებობს ბინაზე მოვლის სამსახურებიც, რის შედეგადაც წელიწადში 6 ათას პაციენტზე მზრუნველობა ხერხდება.

დამატებითი ინფორმაცია პალიატიური მზრუნველობის შესახებ:

პალიატიური მზრუნველობა მრავალპროფილური მზრუნველობაა, რომლის უპირველესი ამოცანაა განუკურნებელი სენით დაავადებული პირებისათვის ტკივილის მოხსნა, მათი სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება და სულიერი თანადგომის გაწევა. ჰოსპისები კი ის დაწესებულებებია, სადაც ამ ადამიანებს ცხოვრების უკანასკნელი დღეებში, როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ თანადგომას უწევენ. ასეთი დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება შიდსი, ავთვისებიანი სიმსივნე IV სტადიაში, ალცჰეიმერის, პარკინსონის, გულ-სისხლძარღვთა და ნევროლოგიური დაავადებები… ეს ადამიანები პალიატიური პაციენტები არიან, რომელთა მიმართაც მედიცინას მხოლოდ მდგომარეობის შემსუბუქების მიზანი დარჩენია და რომელთაც პალიატიური მზრუნველობა ესაჭიროებათ.

საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ათასობით ადამიანს ესაჭიროება, მაგრამ დღესდღეობით, ჰოსპისებში არსებული საწოლების მწირი რაოდენობა და საკადრო რესურსი დაავადებულთა მზარდ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. შედეგად, წლის მანძილზე ათასობით დაავადებული ადამიანი მძიმე ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას განიცდის, რაც მათ სრულფასოვანი და ღირსეული ცხოვრების გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. პრეს რელიზი.

ფოტოების სანახავად ეწვიეთ სექციას ”გალერეა” ან შემოგვიერთდით Facebook-ზე.

წაიკითხეთ, მოისმინეთ და უყურეთ თუ როგორ აშუქებს მედია პალიატიური მზრუნველობის თემას და აქციას.

 

თქვენ ასევე შეგიძლიათ:

მიიღოთ ინფორმაცია, თუ როგორ აღინიშნება ეს დღე მსოფლიოში პალიატიური მზრუნველობისა და ჰოსპისის საერთაშორისო ვებ გვერდის მეშვეობით.

შეგიძლიათ მოგვწეროთ  კომენტარი Facebookზე პალიატიური მზრუნველობისა და ჰოსპისის მსოფლიო დღის გვერდზე, ან ფონდის გვერდზე.

ჩამოტვირთოთ პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული: საინფორმაციო ბროშურა: პალიატიური მზრუნველობა და პაციენტის უფლებები, დეკლარაცია 9 ოქტომბრის- პალიატიური მზრუნველობისა და ჰოსპისის საერთაშორისო დღის შესახებსაინფორმაციო ბუკლეტი-მოკლე განმარტებები და ისტორია, ფერიცვალების დედათა მონასტრის ბუკლეტი.

 

ნახეთ საინფორმაციო სოციალური რგოლი: