თბილისის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგები გამოქვეყნდა

14.06.2012

თბილისის ბიუჯეტის დინამიკა ბოლო წლებში, დედაქალაქის ბიუჯეტით დაფინანსებული ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრიობა, სკოლამდელი განათლების დაფინანსების ეფექტიანობა- ამ და ქ. თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებულ სხვა მიმართულებებს ბოლო 4 თვის განმავლობაში სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაუწია მონიტორინგი. 12 ივნისს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში „პი-ემ სი კვლევითმა ცენტრმა”, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა” და „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ცენტრმა” მონიტორინგის შეუალედური შედეგები წარმოადგინეს. საბოლოო შედეგები წლის ბოლოს გამოქვეყნდება.

2007 წლიდან დღემდე დედაქალაქის ბიუჯეტის დინამიკაზე დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ კულტურის სფეროს დაფინანსება წლების მიხედვით იზრდება. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენლის, კახა კუკავას თქმით „2011-2012 წლებში შემცირდა საბიუჯეტო დანახარჯები. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე და უსაფრთხოებაზე, დასვენებასა და კულტურაზე ბიუჯეტი სტაბილურად იზრდება, მაშინ, როდესაც ისეთ მნიშვნელოვან სფეროებზე გამოყოფილი თანხები, როგორის გარემოს დაცვა და განათლებაა-მცირდება.”

ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2012 წლის ბიუჯეტში სოციალური ხარჯების დაფინანსება შემცირებულია. ასევე არ არის დეტალურად გაწერილი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ხარჯები. ეს ართულებს ინფორმაციის მოძიებას სამედიცინო ლაბორატორიების მომსახურების, სამედიცინო დაწესებულებების რეკონსტრუქციისა და შეკეთების და ჯანდაცვასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების შესახებ.

ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრიობაც ბუნდოვანია.
„სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის დროს არ არის აუცილებელი შესყიდვების კანონმდებლობის დაცვა- ტენდერის გამოცხადება, ფასთა კვოტირება და ა.შ, რაც სარეზერვო ფონდის თანხების არაგამჭვირვალედ და არამიზნობრივად ხარჯვის შესაძლებლობას იძლევა.”- ამბობს შოთა მურღულია, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენელი.

რაც შეეხება ქალაქის დასუფთავებას და სანიტარული წესრიგს, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანასა და უტილიზაციასთან დაკავშირებულ პროგრამას, 2011 წლიდან თბილისში დასუფთავებას ახორციელებს შპს „თბილსერვის ჯგუფი”. კანონის მიხედვით, მოქალაქეების და მომსახურების მიმღები სხვა პირების მოსაკრებელი (ამ შემთხვევაში დასუფთავების გადასახადი) უნდა შედიოდეს ბიუჯეტში. ახლადშემოღებული დასუფთავების საფასური/ტარიფი კი მიემართება არა ბიუჯეტში, არამედ შპს “თბილსერვის ჯგუფი”-ს საბანკო ანგარიშზე, რომელზე ხელმისაწვდომობაც კომერციული საიდუმლოების მოტივით სრულად შეზღუდულია. ეს ართულებს საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის ხარისხს.

სკოლამდელი განათლების დაწესებულებებზე დაკვირვებისას, ორგანიზაციებმა ყურადღება გაამახვილეს თანადაფინანსების ანალიზზე. სტატისტიკის მიხედვით, საბავშვო ბაღებში მაღალშემოსავლიანი ოჯახებიდან ბავშვების რაოდენობა მეტია დაბალ და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებზე. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ბაგა-ბაღებში არსებული თანადაფინანსების სქემა არასრულფასოვანია.

ბუნდოვანია ასევე საბავშვო ბაღებისთვის კვების პროდუქტებისა და სხვა ტიპის ინვენტარის შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები. გაურკვეველია, ვინ ახდენს ზემოაღნიშნული საქონლის შესყიდვას და რა ფორმით.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საბავშვო ბაღები გამოირჩევა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის სირთულით. გამოთხოვილი ინფორმაცია, ხშირ შემთხვევაში, არ იძლევა საფუძვლიანი ანალიზის შესაძლებლობას.

მედია ამ თემაზე:

ტვ  პალიტრა

 

მეტი მედიამასალა