2 ნოემბერს, 11 საათზე, პი-ემ-სი კვლევითმა ცენტრმა და „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითმა ინსტიტუტმა” თბილისის 2011-2012 წლის ბიუჯეტის რამდენიმე პროგრამის მონიტორინგის შედეგები. კვლევები ეხებოდა თბილისის სარეზერვო ფონდის, სკოლამდელი განათლების პროგრამისა და “ქალაქის დასუფთავების პროგრამას.
პრეზენტაციაზე კვლევის ავტორებმა ისაუბრეს აღნიშნული პროგრამების ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებზე.
თბილისის მერიის სარეზერვო ფონდის მონიტორინგისას, (სარეზერვო ფონდის 2012 წლის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარი) მთავარ პრობლემად მერიიდან ინფორმაციის მიღების სირთულე და ფონდის არაგამჭვირვალობა გამოიკვეთა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მერიის სარეზერვო ფონდი არ ექვემდებარება სახელმწიფო შესყიდვების კანონს, რაც კორუფციის საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს. თბილისის სარეზერვო ფონდიდან ხდება ერთჯერადი დახმარებების გაცემა, რაც ეწინააღმდეგება სარეზერვო ფონდის გამოყენების პრინციპს, რომლის მიხედვითაც თანხების გამოყოფა ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის უნდა მოხდეს.
თბილისის ბაგა-ბაღების მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ სკოლამდელი აღზრდის რეფორმის შეფასებისას, თავს იჩენს მთელი რიგი ნაკლოვანებები. მაგალითად, არ არსებობს ბაგა-ბაღებზე დაწესებული მომსახურების ღირებულების განსაზღვრის ერთიანი მეთოდოლოგია, შესაბამისად, ამა თუ იმ ბაღში დირექტორთა მიერ დაწესებული ტარიფები შესაძლოა არ დაეფუძნოს რეალურ გათვლებს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ბაგა-ბაღების მომსახურების ღირებულების განსაზღვრა არ უნდა ხდებოდეს ბაღის დირექტორების მიერ ინდივიდუალურად და აღნიშნულ პროცესში უნდა მონაწილეობდეს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, დირექტორები და თბილისის საკრებულო. კვლევის მიხედვით, თბილისის ბაგა-ბაღების უმრავლესობაში ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობა მეტია ნორმის ზედა ზღვარზე (35 ბავშვი ერთ ჯგუფში).
თბილისის დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის პროგრამის მონიტორინგისას გამოიკვეთა, რომ თბილისის დასუფთავების საფასურის ოდენობა, ყოველგვარი მეთოდოლოგიისა და დასაბუთების გარეშე განსაზღვრა ქალაქის მერიამ – 0,05 თეთრი 1 კვ.ტ. ელექროენერგიაზე გაანგარიშებით. თბილისში დასუფთავების დარგის მართვა 2011 წლიდან ხორციელდება მუნიციპალური საწარმოს „თბილსერვის ჯგუფის” მიერ – მოქალაქეების მიერ გადახდილი დასუფთავების გადასახადი არა ბიუჯეტში არამედ სწორედ ამ საწარმოს ანგარიშზე მიემართება, რაც მნიშნველოვნად ამცირებს საჯარო ფონანსების მართვის და ანგარიშგების ხარისხს.
პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია და მომსხენებლებმა უპასუხეს აუდიტორიიდან დასმულ ყველა შეკითხვას. პრეზენტაცია ფართოდ გაშუქდა მედიასაშუალებების მიერ.