თვითმმართველობებთან ურთიერთობა, ახალგაზრდობის მობილიზაცია და დებატკლუბები ჩეხეთის მაგალითზე

03.07.2012

თვითმმართველობებთან ურთიერთობა, ახალგაზრდობის მობილიზაცია და დებატკლუბების მუშაობა ჩეხეთისთვის უკვე კარგად ნაცნობი თემებია. წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილების გასაზიარებლად ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია “აგორა ცენტრალური ევროპა” გასულ კვირას საქართველოს ესტუმრა. 28 ივნისს, ჩეხური ორგანიზაციის წარმომადგენლები ივანა ბურსიკოვა და ვოიტეკ ჩერნი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ქართულმა ორგანიზაციებმა მათთვის საინტერესო თემები ჯერ კიდევ ვიზიტამდე შეათანხმეს.

შეხვედრა ფონდის ტრეინინგცენტრში გაიმართა, რომელსაც 10-მდე მონაწილე დაესწრო ორგანიზაციებიდან: კონფლიქტებისა და ნაციონალიზმის კვლევის ინსტიტუტი, ქსელი “სინერგია”, სამოქალაქო საზოგადოების კვლევისა და განვითარების ცენტრი, ორგანიზაცია “განათლება დემოკრატიისათვის”, ასოციაციაანიკა, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

შეხვედრის მიმდინარეობისას სტუმრებმა მონაწილეებს გააცნეს თვითმმართველობასა და ადგილობრივ საზოგადოებას შორის ურთიერთობის მეთოდები, მათ შორის, ე.წ “საზოგადოების მონაწილეობის 7 ნაბიჯი”, რომელიც მოიცავს ეტაპებს პროგრამის მომზადებიდან მის დანერგვა-განხორციელებამდე.

შეხვედრა გაიმართა ღია საზოგადოების ფონდების პროგრამის „აღმოსავლეთი-აღმოსავლეთი-საზღვრებს გარეშე” ფარგლებში.

                                                                                                                  ###

სამოქალაქო ასოციაცია “აგორა ცენტრალური ევროპა” 1998 წელს ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის ძირითად მისიას წარმოადგენს ჩეხეთის საზოგადოების დემოკრატიზაციის პროცესის ხელშეწყობა და გაძლიერება. ასევე, მისი მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი საქმიანობით დაინტერესებული მოქალაქეების წახალისებით ქვეყნის პოლიტიკური კულტურის ამაღლება, ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების გაღრმავება და საზოგადოებრივი სივრცეების გადახალისება-განახლება.

ნახეთ ანგარიში ვრცლად.