თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარების ხელშეწყობისთვის დაფინანსება 10-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო

01.04.2010

10-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარების ხელშეწყობისთვის ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოსგან” 177 552 აშშ დოლარი მიიღო.

დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ფონდის ოფისში შეიკრიბნენ და საკუთარი სამოქმედო გეგმები წარმოადგინეს.

პროექტები განხორციელდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, აჭარაში და ოზურგეთში.

პროექტები შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:

  • წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საარჩევნო დარღვევების პრევენცია, არჩევნების მონიტორინგი;
  • ამომრჩეველთა განათლება და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება;
  • “პრობლემურ” უბნებზე მონიტორინგის განხორციელება (მაგ, საარჩევნო პროცესებში ეთნიკური უმცირესობების თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართვა და მათი საარჩევნო უფლებების დაცვა; სამხედრო და გასამხედროვებულ ნაწილებში არჩევნებისდაკვირვება)

წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიმართულების ქვეშ განხორციელებული პროექტები გულისხმობს წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პროცესების მონიტორინგს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, განხორციელდება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული პოლიტიკური პარტიების წლიური შემოსავლების,  პარტიებისათვის საარჩევნო სიების გადამოწმებისათვის გადაცემული თანხების ხარჯვისა და საარჩევნო კამპანიის წარმართვისათვის მიღებული და დახარჯული თანხების მონიტორინგიც.

ამომრჩეველთა განათლებისა  და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების კომპონენტი ძირითადად მოიცავს თემატური დებატების ორგანიზებას არჩევნების თემაზე. გაიხსნება საარჩევნო ინფორმაციული ვებ გვერდიც, რომელიც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ მოამზადა და რომელიც  მუდმივად მოქმედი საინფორმაციო პორტალი იქნება. არის პროექტებიც, რომლებიც არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგს, კერძოდ კი გასაჩივრებას და  ხმების დათვლას გულისხმობს.

დაფინანსებული ორგანიზაციებს შორის არიან:

  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო
  • სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • ასოციაცია “სამართალი და თავისუფლება
  • ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაციასთან  არსებული ახალგაზრდული კლუბი  “დეა”
  • საზოგადოებრივი მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო”

ინფორმაცია  ორგანიზაციაზე საგრანტო თანხის გადანაწილების შესახებ იხილეთ კონკურსის შედეგებში.