არც თუ ისე ბევრ ქართველს ემახსოვრება, რომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში, კასპის რაიონის სოფელი ხოვლე გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების თავშეყრის და მათი სამეცნიერო თუ საზოგადოებრივი საქმიანობის კერა იყო. სწორედ ამ სოფელში მდებარეობს ცნობილი ქართველი ისტორიკოსის და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებლის ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი, რომელიც ბოლო ათწლეულების მანძილზე უსიცოცხლო სივრცედ იქცა, ისევე, როგორც საქართველოს რეგიონებში არსებული ბევრი სხვა სახლ-მუზეუმი.
ამ ისტორიული ადგილის გაცოცხლება გადაწყვიტა საინიციატივო ჯგუფმა, რომელსაც ზიზი თორთლაძე ხელმძღვანელობს. პროექტის განხორციელება 2011 წლის იანვარში, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით დაიწყო, რომლის შედეგად მუზეუმის ბაზაზე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი შეიქმნა. სახლ-მუზეუმში შეიქმნა ე.წ მედიათეკა, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებს შეუძლიათ შეისწავლონ კომპიუტერთან მუშაობა, გაეცნონ ახალ ლიტერატურას, გამოიყენონ ინტერნეტი. ამასთან, სახლ-მუზეუმში ტარდება ყოველკვირეული ლექცია-საუბრები და შეხვედრები სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, მათ შორის ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებთან. პერიოდულად იმართება ინტეგრირებული სემინარები და შეხვედრები გორის, თბილისის და სხვადასხვა რეგიონების სტუდენტებისთვის.
ერთერთი ასეთი შეხვედრა 7 ივლისს, შაბათს, 18 საათზე იგეგმება. ამჯერად, მოეწყობა ხოვლელი ახალგაზრდების შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში. ღონისძიებას მხარს უჭერს საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია. მსაჯობას გასწევს ოთარ ყურაშვილი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ვეტერან სამბისტთა შორის, საქართველოს ორგზის ფალავანი ქართულ ჭიდაობაში.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი წარმატებულად იმუშავებს. საბოლოო შედეგი კი იქნება რეგიონული სახლ-მუზეუმების ქსელის ჩამოყალიბება და მათი გადაქცევა კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებად. ვფიქრობ, მსგავსი ინიციატივები სხვა რეგიონებშიც განხორციელდება,”-ამბობს ზიზი თორთლაძე.
შეუერთდით Facebook-ზე…