17 ივნისს რაჟდენ კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო. ისინი ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების – წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, დამკვირვებლების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, კერძოდ, ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემას, ვინც გვენდობოდა და ჩვენი დახმარებით უსარგებლია.
ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოყვეს. ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანების ინფორმაციას რუსულ რეჟიმს არ გადავცემთ. ჩვენთვის მათი მიზანი ცხადია – ივანიშვილი საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს, ზუსტად ისე, როგორც ამას 1920-იან წლებში ბოლშევიკები, ბოლო დეკადაში კი – პუტინისა და ლუკაშენკას რეჟიმები აკეთებდნენ. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟისადმი შეგუებას და გავაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.