კახა კაციტაძის წიგნის HOMO MILITARIS პრეზენტაცია

23.01.2012

25 იანვარს, თიბისი გალერეაში ფილოსოფოსის კახა კაციტაძის წიგნის HOMO MILITARIS (ადამიანი მეომარი) პრეზენტაცია გაიმართა.

რა არის ომი? რა განაპირობებს ადამიანის მიერ სამყაროს, როგორც გამარჯვება-დამარცხების სახით წარმოდგენას? შეგვიძლია თუ არა ომის ვიწროპოლიტიკური გაგება გავაფართოოთ და ფილოსოფიური, კულტუროლოგიური, ანთროპოლოგიური და ისტორიული მნიშვნელობა შევძინოთ მას? – ეს არის საკითხები, რომელიც კახა კაციტაძეს აინტერესებს.

არქაულ კულტურებში, სკანდინავიაში, ისლანდიაში, კავკასიაში და საქართველოში ომი გაანალიზებულია, როგორც განსაკუთრებული გახსნილობის ფორმა.

“ომი ადამიანის არსებობის ისეთი მომენტია, როდესაც ადამიანი გახსნილია როგორც ღვთაებრივის, ისე დემონურისთვის. მისი გახსნილობა ორივეს მიმართ ალბათ ადამიანური არსებობის არც ერთ სფეროში არ ვლინდება ისე, როგორც ომში”, – წერს ავტორი.

ლელა გაფრინდაშვილი, წიგნის რედაქტორი: “კახა კაციტაძის ეს წიგნი ეხება ომის კულტურას, მილიტარიზმს და არის საკმაოდ საინტერესო მცდელობა, რომ გავცდეთ ომის სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობას და მას შევძინოთ ფილოსოფიური მნიშვნელობა.”

წიგნის რედაქტორია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ლელა გაფრინდაშვილი.

წიგნის სამეცნიერო რედაქტორები არიან დავით თევზაძე, ვახტანგ კაპანაძე, გურამ სანადირაძე და კახა ჯამბურია.

წიგნი გამოიცა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით.

წიგნი შეგიძლიათ მოიძიოთ ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ბიბლიოთეკაში. მისამართი: ჭოველიძის ქ. 10, I სართული.