პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ხელშეწყობა კახეთის რეგიონში” ფარგლებში ა.წ. 27 ივნისს წინანდლის სამთავრობო რეზიდენციაში დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოში მოქმედი საელჩოების წარმომადგენლების საკოორდინაციო შეხვედრა და კახეთის რეგიონის შესახებ ფილმისა და რეგიონში მიმდინარე პროექტებისა თუ პრობლემების ირგვლივ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია მოეწყო. პრეზენტაცია – “კახეთის რეგიონის გამოწვევები – 2007” საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში ბატონმა გია ნაცვლიშვილმა გააკეთა.
პროექტი: “სამოქალაქო საზოგადოების და ხელისუფლების თანამშრომლობის ხელშეწყობა კახეთის რეგიონში” ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის პარტნიორულ პროექტს წარმოადგენს, რომელიც ამჟამად ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. მისი ინიცირება ერთი მხრივ კახეთის ადგილობრივი ადმინსტრაციის და ფონდის კანონის უზენაესობის პროგრამის, მეორე მხრივ კი – “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან” თანამშრომლობით მოხდა.
პროექტის მთავარ მიზანს კახეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, ადგილობრივ პრობლემათა გამოკვეთაში და მათი გადაჭრის ძიებაში ერთობლივი ძალისხმევის გამოყენება წარმოადგენს. პროექტი მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიც არის, კახეთის რეგიონში მოქმედ დონორთა კოორდინაციის პრობლემის მოგვარება, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურება/წახალისება, ადგილობრივ პრობლემათა გნსაზღვრაში სამოქალაქო სექტორის ჩართვა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და ხელისუფლების თანმშრომლობის კარგი პრაქტიკის დანერგვა;
პარტნიორული პროექტი ღონისძიებების მთელ რიგს ითვალისწინებს, მათ შორის, კახეთის რეგიონში მოქმედ დონორთა საკოორდინაციო შეხვედრის ორგანიზება და პრეზენტაციის მომზადება. პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრეინინგები, საჯარო შეხვედრები, სასწავლო ვიზიტი დაეხმარება კახეთის რეგიონში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჩაერთონ ადგილობრივი პოლიტიკის განსაზღვრაში და ეფექტური ადმინისტრირების დაგეგმვაში, ისწავლონ და სწორად გამონახონ დონორებთან, საზოგადოების ფართო ფენებთან თუ ხელისუფლებასთან ურთიერთობების ადექვატური და ეფექტური ფორმები.
28 -30 ივნისს თელავში დაიწყო სპეციალურ კონკურსებში გამარჯვებული კოალიციის და სხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, თელავის უნივერსიტეტის და კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს თანამშროლების ტრეინინგების პირველი ციკლი. ისინი მომზადებას გაივლიან ისეთ საკითხებში, როგორიცაა სტრატეგიული დაგეგმვა, პროექტის შემუშავება და მენეჯმენტი, კომუნიკაცია და სხვა.