კინო-კომუნას ფილმები ქვეყნის ფარგლებს გარეთ

26.06.2012

„კინო-კომუნა” ღია საზოგადოების ფონდების ხელოვნებისა და კულტურის პროგრამის მხარდაჭერილი პროექტია, რომელიც ორგანიზაცია „სტუდია მესამე სექტორმა” განახორციელა.

პროექტი „კინო-კომუნა” უნიკალური პროექტია. მასში მოზარდები და ბავშვები მონაწილეობენ- იღებენ დოკუმენტურ, მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს და ამზადებენ მედიამასალას. პროექტში მონაწილეობა 50-მდე მოზარდმა მიიღო. მათ მოამზადეს 5 დოკუმენტური ფილმი, 6 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი და რამდენიმე სატელევიზიო-საინფორმაციო სიუჟეტი.

მოზარდების ორი ნამუშევარი- მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „თოჯინა” – და დოკუმენტური ფილმი „განათების 33-ე ბოძთან”  საბავშვო ფილმების ფესტივალზე “ოქროს პეპელა” მოხვდა. ფილმების ავტორებმა მოიპოვეს სპეციალური დიპლომები და ჯილდოები.

ბავშვების ფილმებით დაინტერესდნენ “სტუდია მესამე სექტორის” ჰოლანდიელი პარტნიორებიც, რომლებიც დოკუმენტური ფილმის “მეთოჯინე” ინგლისურად გახმოვანებას და ჰოლანდიაში ჩვენებას გეგმავენ პარტნიორ ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ტელევიზიაში.

პროექტის დასრულების შემდეგ “სტუდია მესამე სექტორი” დოკუმენტური და სოციალური სარეკლამო კლიპების გადაღებას გააგრძელებს ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების, საზოგადოების დემოკრატიზაციის თემებზე.

 

უყურეთ ფილმს “თოჯინა”

 

განათების 33-ე ბოძი