კოალიციამ “დევნილთა უფლებებისათვის” საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა

22.01.2010

კოალიციამ “დევნილთა უფლებებისათვის” 30 სექტემბერს ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში გამართა შეხვედრა კოალიციის საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან.

შეხვედრის მიზანი იყო ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” მიერ მხარდაჭერილი პროექტის – “დევნილთა უფლებებისათვის” განხორციელების სტრატეგიის განსაზღვრა.

პროექტი მიზნად ისახავს კონფლიქტის ზონის არასამთავრობო ორგანიზაციათა და საინიციატივო ჯგუფების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობას, 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის მობილიზების, მათი ინტერესების და უფლებების დაცვის, კრიზისული სიტუაციის დასაძლევად სახელმწიფოს და დონორთა როგორც ჰუმანიტარული, ისე ინფრასტრუქტურისა თუ ეკონომიკური განვითარების მიმართულებით განხორციელებული დახმარებების/ პროგრამების გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის ამაღლების კუთხით.

შეხვედრაზე დაზუსტდა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტიურობები, რომელთა საფუძველზეც ჩამოყალიბდება სტრატეგიული გეგმა.

პროექტის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, გადაწყდა, რომ საკონსულტაციო საბჭოს წევრები კოალიციის წარმომადგენლებს ჩაუტარებენ ტრენინგებს მონიტორინგის, თემის მობილიზების საკითხებზე.

კოალიცია “დევნილთა უფლებებისათვის” ცხინვალის რეგიონის და შიდა ქართლის 10 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

 

 

სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მხარდაჭერის პროგრამა და კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამა