კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”, საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად, ეხმიანება ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის თაობაზე და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს პროცესი დროულად, გამჭვირვალედ, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით წარმართოს.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტური გამოძიება საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მექანიზმის არარსებობამ ხელი შეუწყო სამართალდამცავ სისტემაში უფლებამოსილების გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფართოდ გავრცელებას. სწორედ ამ სისტემური ხარვეზების გამოსწორების მიზნით, ჯერ კიდევ 2015 წელს, სამოქალაქო საზოგადოებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას საგამოძიებო და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციით.
ამ ფონზე, მისასალმებელია, იუსტიციის მინისტრის განცხადება მექანიზმის შექმნის შესახებ მაღალი პოლიტიკური ნების გაჩენის თაობაზე. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლები წლებია მხოლოდ საჯარო განცხადებებით შემოიფარგლებიან. მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ უზრუნველყოს აღნიშნულ საკითხზე დროული და ღია პროცესის წარმართვა. დღემდე არსებული დახურულობა წარმოშობს რისკებს, რომ კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გარეშე შემუშავდება. ამასთანავე, საეჭვოა შეიქმნება თუ არა მექანიზმი იმ მანდატით და სტრუქტურით, რომელიც უზრუნველყოფს სამართალდამცავის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ და ეფექტურ გამოძიებას.
აუცილებელია ხელისუფლებამ იმსჯელოს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის უფლებამოსილების მინიჭებაზე. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, შესაძლო არაადამიანური მოპყრობის 90-ზე მეტი შემთხვევით მიმართეს საქართველოს პროკურატურას. ამ საქმეებიდან მხოლოდ 2 შემთხვევაში მოხდა ბრალის წაყენება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არცერთ საქმეზე არ დამდგარა. ამასთანავე, ხშირ შემთხვევაში პრობლემურია დანაშაულის არასწორი კვალიფიკაცია, მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე უარი, დევნის არდაწყება ან შეწყვეტა. თითოეულ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი. შესაბამისად, დამატებითი გარანტიების გარეშე, მხოლოდ საგამოძიებო უფლებამოსილებით აღჭურვილი მექანიზმი შესაძლოა სრულად არაეფექტური დარჩეს.
საგანგაშოა ასევე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, დამოუკიდებელი მექანიზმის ხელმძღვანელის შესაძლო შერჩევის შესახებ. კოალიციის წევრი ორგანიზაციები და საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური კუთვნილებით ან აფილირებით დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ხელმძღვანელის დანიშვნა სრულად ეწინააღმდეგება მექანიზმის არსს. აუცილებელია კანდიდატი შეირჩეს გამჭვირვალე პროცესით, კანონში ნათლად გაწერილი კრიტერიუმებითა და საზოგადოების მაღალი ჩართულობით. წინააღმდეგ შემთხვევაში მექანიზმი ვერ შეძლებს პოლიტიკური გავლენებისგან სათანადოდ დისტანცირებას, მიუკერძოებელი გამოძიების წარმოებასა და საზოგადოებაში ნდობის მოპოვებას.